თბილისის მერი, კახა კალაძე, სრულიად ეთანხმება ყველა ფეხბურთელს იმ სულისკვეთებაში, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია. 

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ქართველი ფეხბურთელების იმ განცხადებების კომენტირებისას განუცხადა, რომლითაც ისინი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან. 

„აბსოლუტურად ვეთანხმები ყველას ამ სულისკვეთებაში. რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპული მომავალი, საქართველოს ხელისუფლება არის ზუსტად ის, ვინც ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე. თუკი რაიმე  წარმატებას მივაღწიეთ ამ მიმართულებით, ეს ყველაფერი მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. დარწმუნებული  ვარ, ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ პროცესს და ამ გზას გავივლით ღირსეულად, თუმცა, რა თქმა უნდა, არის დაბრკოლებებიც, რომელიც  ხელოვნურად იქმნება, როგორც  კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში იყო. დღეს ახალი მოიფიქრეს და მოლაპარაკებების გახსნას იყენებენ შანტაჟის იარაღად, თუმცა ჩვენი მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა  ხელიდან გამოაცალა შანტაჟის ყველა იარაღი იმ ადამიანებს, რომელიც გარედან ამ  ტიპის განცხადებებს აკეთებთ. გინდათ? - ჩვენ მზად ვართ! გახსენით მოლაპარაკეები, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ შანტაჟი კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, მშვიდობიან აქციაზე ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა, მათ შორის, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა: 

გიორგი ჩაკვეტაძემგიორგი მამარდაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და ბუდუ ზივზივაძემ, ასევე, გიორგი წიტაიშვილმაც

შეგახსენებთ, მეორე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი.

მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: იუსტიციის სახლისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ათეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა.

პროტესტის ნიშნად დაიხურა რამდენიმე რესტორანი. გაკვეთილის ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა. 

ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.