Freebusiness.ge ეს არის პლატფორმა, სადაც არსებული კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, ბიზნესები აფიქსირებენ თავის პოზიციას და უერთდებიან ორ ძირითად მოთხოვნას: ახალი არჩევნების დანიშვნას და საპროტესტო აქციებზე დაპატიმრებულთა ახალ წლამდე გათავისუფლებას.
ახალი პლატფორმის იდეასა და მნიშვნელობაზე, მისი მუშაობის პრინციპებზე, ვებგვერდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სტარტაპერმა გიორგი ჩუგოშვილმა BMG Tv-ის გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ ისაუბრა.
როგორც გადაცემის წამყვანმა გიორგი ისაკაძემ აღნიშნა, Freebusiness.ge რამდენიმე ბიზნესმენის ერთობლივი იდეით შეიქმნა. ვებგვერდზე კი აღნიშნულია: „არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლება.ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას“.
სტარტაპერი გიორგი ჩუგოშვილი "ბიზნესის კვირეულში" სტუმრობისას განმარტავს, რომ დღეს თანამედროვე ბიზნესი სხვანაირად ოპერირებს, ვიდრე ოპერირებდა ბიზნესი 90-იან წლებში და იქიდან ინერციულად მოყოლებული. მისი თქმით, დღეს ახალგაზრდებისთვის ღირებულებებს, მათ შორის კომპანიების დამფუძნებლების ღირებულებებს, ასევე ქვეყნის ბედთან დაკავშირებით რა პოზიციას აფიქსირებენ ბიზნესმენები და მენეჯმენერები, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეული ლარიდან, რომელსაც ჩვენ პროდუქტში ვიხდით, 30-40% ბიუჯეტში მიდის, დანარჩენი კომპანიაში - ხარჯებში, მოგებაში და ა.შ. ამიტომ ნებისმიერი ლარი, რომელსაც გადავიხდით, გვინდა ვიცოდეთ, რომ იმ ხალხის ხელში მოხვდა, ვისაც ქვეყნის ბედი და ორიენტაცია ადარდებს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ის სიტყვა, რომელიც ცოტა ცუდად მოგვაწოდეს ამ ბოლო პერიოდში და შეგვაძულეს, რომელსაც „გამჭვირვალობა“ ჰქვია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, უნდა იყოს მაშინ გამჭვირვალე - რომელი ბიზნესი სად დგას და რა პოზიციას უჭერს მხარს, რომ ეს არ დაიკარგოს სადღაც პოსტებში. სოციალურ მედიაში და ა.შ.“ - აღნიშნავს გიორგი ჩუგოშვილი პლატფორმის შექმნის იდეაზე საუბრისას და დეტალურად საუბრობს იმაზე, როგორ ხდება ვებგვერდზე რეგისტრაცია:
„FreeBusiness.ge არის პლატფორმა და ვებგვერდი. განცხადებაში წერია, რომ ქვეყანაში კრიზისის გადაჭრის გადაჭრის ყველაზე პრაგმატული გზა არჩევნებია, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ნაცემები არიან, სასამართლომ ციხეში ჩასვა და არც დაინტერესებულა რა გარემოებაში მიიღეს ეს დაზიანებები ამ ადამიანებმა დაკავების შემდეგ. ეს ადამიანები უნდა გამოვიდნენ - ამას იძახის ყველა, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოება. თანამედროვე ბიზნესი ქვეყნის შიგნით ვერ იქნება იზოლირებული და შიდა ოპერაციებზე ვერ იქნება დამოუკიდებელი, რადგან ნებისმიერი ბიზნესის, რომელიც საქართველოში ოპერირებს დამოკიდებულია, რაღაც ტიპის იმპორტზე, გასაღების ბაზრებზე, საერთაშორისო ინსტრუმენტებზე და დამოკიდებულია საერთაშორისო გადარიცხვებზე, რომელიც შეეზღუდა ბელარუსს, რუსეთს და ეს რომ საქართველოს შეეზღუდოს, ბიზნესების 80% ერთ დღეში დასრულდება, რადგან ვიცით, რამდენია იმპორტზე და უცხოური ოპერაციებზე მიბმული.
ამ პლატფორმის ჭრილში გვინდა, ბიზნესებმა მოითხოვონ ამ განცხადებასთან მიერთება, რის შემდეგაც მოხდება გადამოწმება და შემდეგ განთავსდება ინფორმაცია, რომელი ბიზნესი უერთდება ამ პლატფორმას. პლატფორმაზე იქნება მეორე ფუნქციონალი, რომ ხალხმა მოითხოვოს რომელიმე ბიზნესის მხრიდან მათი პოზიციის დაფიქსირება. ადამიანებს ძალიან აინტერესებს - მე თუ მივდივარ და ამ კომპანიის მომხმარებელი ვარ, მაინტერესებს - სად დგას ეს ორგანიზაცია; როდესაც მენეჯმენტი ანალიტიკაში ვნახავთ, რომელი კომპანიებისგან ითხოვს ხალხი პოზიციის დაფიქსირებას, ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ.
პლატფორმაზე სამი განყოფილება იქნება - ვინც უერთდება მოთხოვნებს ახალი არჩევნების დანიშვნისა და აქციებზე დაკავებულთა გამოშვების შესახებ; მოქალაქეთა მოთხოვნები კომპანიების მიმართ და მესამე - ის კომპანიები, ვინც აფიქსირებენ თავის პოზიციას და არ უერთდებიან ამ მოთხოვნებს.
ეს ყველაფერი გამჭვირვალე იქნება.
პროცესი ძალიან მარტივია: შევდივართ ვებგვერდ Freebusiness.ge-ზე და გვხვდება 2 ღილაკი. ერთია - შეერთება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვუერთდები განცხადებას, იწერება კომპანიის სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია. შემდეგ გუნდი უკავშირდება მათ და აზუსტებს, რომ ნამდვილად ის კომპანიაა და საკონტაქტო პირს უფლება აქვს კომპანიის სახელით ისაუბროს, მხოლოდ ამის შემდეგ ეს კომპანია განთავსდება ვებგვერდზე, როგორც ამ მოთხოვნებთან მიერთებული.
მეორე ღილაკით მოქალაქეებს, რომლებსაც აინტერესებთ ესა თუ ის კომპანია - რესტორანი იქნება ეს, აფთიაქი თუ ბანკი უერთდება თუ არა განცხადებას, შეჰყავთ სახელი და ვებგვერდის გუნდი იწყებს მუშაობას იმაზე, რომ ამ კომპანიისგან ოფიციალური პოზიცია წამოვიდეს, რომელიც ვებგვერდზე ერთ ან მეორე მხარეს განთავსდება. მანამდე ეს კომპანია იქნება სექციაში „ჯერ არ დაუფიქსირებია პოზიცია“, - განმარტა გიორგი ჩუგოშვილმა.
წყარო: bm.ge