„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ასახელებს იმ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ოპოზიციამ უნდა გადადგას. მისი შეფასებით, „უკიდურესად საშიში ვითარება სასწრაფოდ რეაგირებას და მყისიერ მოქმედებას საჭიროებს“.

"ქვეყანაში შექმნილი უკიდურესად საშიში ვითარება სასწრაფოდ რეაგირებას და მყისიერ მოქმედებას საჭიროებს! რუსული სპეცოპერაციით მიტაცებული არჩევნები, ევროკავშირზე უარის თქმა, მოქალაქეების და განსაკუთრებით სამართლიანი პროტესტის არაადამიანური სისასტიკით დარბევა, ქვეყანას მიაქანებს უკიდურესად დიდი საფრთხისკენ!სულ რამდენიმე ნაბიჯია დარჩენილი სრულ სამოქალაქო დაპირისპირებამდე და 90-იან წლებში დაბრუნებამდე! - ამის დაშვება არ შეიძლება, რადგან დავკარგავთ ქვეყანას და თაობებს, დავკარგავთ სახელმწიფოს, რომელიც საბოლოოდ ჩაბარდება რუსეთს, რაც კრემლის და საქართველოში მისი მარიონეტული მთავრობის დიდი ხნის მიზანი და ოცნებაა.

ამ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად საჭიროა:

  • სასწრაფოდ შეიკრიბოს არჩევნებში გამარჯვებული, ოთხივე ოპოზიციური კოალიციის ყველა დეპუტატი და დააფუძნოს სახალხო პარლამენტი, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები! ამ ორგანომ, როგორც გამარჯვებული ხალხის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, პირდაპირ ესაუბროს ევროკავშირს, წარმოადგინოს ქართველი ხალხის ნება და კონსტიტუციური მოთხოვნა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით; მიავლინოს სპეციალური მისია ბრიუსელში, ევროინტეგრაციის პროცესის აღსადგენად და გასაგრძელებლად, რაც რუსეთის მარიონეტმა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ნების და კონსტიტუციის დარღვევით შეწყვიტა!

  •  აიღოს პასუხისმგებლობა სამოქალაქო პროტესტების მშვიდობიან მართვაზე, მთავარი მოთხოვნით - დაინიშნოს ახალი არჩევნები!

  • წარმოადგინოს დეტალური სამოქმედო გეგმა, შემდგომი ნაბიჯების განსახორციელებლად.

“ძლიერი საქართველო”, მთელი თავისი რესურსით, მზად არის ქვეყნის მასშტაბით იყოს ამ პროცესის დაგეგმვის და შესრულების ავანგარდში!" - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, მეორე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი.

მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: იუსტიციის სახლისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ათეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა.

ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა. პროტესტის ნიშნად დაიხურა რამდენიმე რესტორანი. გაკვეთილის ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა. 

ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა