ფრენები, რა თქმა უნდა, სანქცირებული თვითმფრინავებით არ შესრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის მიერ ავიაემბარგოს შესახებ გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, კომპანიებმა უკვე გამოთქვეს სურვილი, რომ განახორციელონ ფრენები.
„როცა ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის ცნობილი გახდა - მანამდეც ბევრი განცხადება მოგვისმენია და ამას ქმედება არ მოჰყოლია - გუნდში გვქონდა მსჯელობა. ეს ყველაფერი გავაანალიზეთ და ვთქვით, რომ ფრენები, მით უმეტეს არასანქცირებული თვითმფრინავებით, არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი. ერთი მცირე კომპონენტი და არა მთავარი.
ჩვენი ვაჭრობა რუსეთთან არის მაქსიმუმ 1 მლრდ დოლარი, რა ხდება ევროპის შემთხვევაში? მე დღეს ევროკავშირის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადება მოვისმინე და მინდა ჩვენს საზოგადოებას ავუხსნა, რასაც ევროკავშირი ოთხ დღეში ვაჭრობს რუსეთთან, ჩვენი ქვეყანა ვაჭრობს მთელი წლის განმავლობაში. ევროკავშირი, რომელმაც არ მოიწონა ფრენები რუსეთთან, ვაჭრობს დღემდე რუსეთთან. ჩვენ, პატარა ქვეყანამ ასეთი გამოწვევებით, როცა ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და რუსის ჯარი გვიდგას აქ... ჯერ კიდევ პრობლემები გვაქვს, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, მას შემდეგ ომები გადავიტანეთ, ხალხმა ვეღარ ამოისუნთქა, ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი, მას შემდეგ, რაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. ეს არის სტრატეგიული მოთმინების, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა. ეს პოლიტიკა მიგვიყვანს ქვეყნის გაერთიანებამდე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერი ამბობს, მას შემდეგ, რაც 2019 წელს რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიმართულებით ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეები რუსეთიდან ქვეყანაში სხვა ქვეყნების გავლით დაფრინავდნენ, რაც არაკომფორტული და გაცილებით ძვირიც იყო.
„ბუნებრივია, ჩვენი თანამოქალაქეები საქართველოში მოგზაურობდნენ რუსეთიდან ბელარუსის, სომხეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის გავლით, უწევდათ საათობით ლოდინი და 2-3-ჯერ მეტის გადახდა ბილეთში. ეს არის უზარმაზარი დისკომფორტი და უფრო დიდი ხარჯი. ამასთან ჩვენ რუსეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რაც ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ რუსეთთან აღდგა ვაჭრობაც“, - დასძინა ღარიბაშვილმა.