NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, კურტ ვოლკერი დონალდ ტრამპის გამარჯვებასთან და ახალ ადმინისტრაციასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" მხრიდან არსებულ მოლოდინებზე "რადიო თავისუფლებას" ინტერვიუ მისცა.
კურტ ვოლკერმა ივანიშვილის გუნდის იმედებს მცდარი უწოდა და რიტორიკული კითხვა დასვა - "მათ ჰგონიათ, რომ ტრამპი მხსნელად მოევლინებათ და ღიად "ანტიამერიკული" განწყობის მქონე მთავრობასთან ახლო ურთიერთობას აღადგენს?".
დიპლომატის შეფასებით, მსგავსი რამ არასდროს მოხდება. მეტიც, მისი თქმით, "ტრამპის ადმინისტრაციისგან უფრო დიდი ზეწოლა იქნება დემოკრატიის აღდგენის, ჩინეთთან ურთიერთობების გადახედვის და საქართველოს "დასავლურ გზაზე" დაბრუნების საკითხებზე".
"ქართული ოცნების" მოლოდინები მთლიანად მცდარია. მათ ჰგონიათ, რომ ტრამპი მხსნელად მოევლინებათ და, რომ ის ღიად „ანტიამერიკული“ განწყობის მქონე მთავრობასთან ახლო ურთიერთობას აღადგენს? ეს არასდროს მოხდება. პირიქით, ტრამპის ადმინისტრაციისგან უფრო დიდი ზეწოლა მოვა დემოკრატიის აღდგენის, ჩინეთთან ურთიერთობების გადახედვისა და საქართველოს „დასავლურ გზაზე“ დაბრუნების საკითხებზე.
გავიხსენოთ ანაკლიის პორტი - ამერიკული კომპანიები მზად იყვნენ პროექტისთვის, მაგრამ ახლა მას ჩინელები აშენებენ. იგივე ხდება აეროპორტთან დაკავშირებითაც. ამას გარდა, გახსოვთ, პრემიერ-მინისტრი ირანში, ჰამასის და ჰეზბოლას ლიდერებთან ერთად იდგა, როცა ირანის პრეზიდენტს გლოვობდნენ. ამ ყველაფერზე, ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციას ძალიან მკაცრი რეაქცია ექნება." - განაცხადა ვოლკერმა.