დღეს არის 9 მაისი და ვითომ რაღაც დაპირისპირებაა ამ 9 მაისის - ევროპის დღე, თავისუფლების დღე, მომავლის დღე და იმ 9 მაისის, რომელმაც დაამარცხა ნაციზმი, არა, ეს ერთია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპა ტოტალიტარიზმის დამარცხებაა და სანამ ბოლო ტოტალიტარიზმი არ დამარცხდება, არ იქნება გამარჯვება.

„ტოტალიტარიზმის დამარცხება არის სწორედ ევროპა, ტოტალიტარიზმის დამარცხება არის სწორედ თავისუფლება და სანამ ბოლო ტოტალიტარიზმი არ დამარცხდება, სანამ ყველა ოკუპირებული ტერიტორია არ იქნება გათავისუფლებული, ჯერ ბოლო გამარჯვება არ იქნება.

ჩვენ ვართ გზა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისთვის, აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის, ჩვენ ვართ გზა ევროპისკენ, ჩვენ ვართ გზა მშვიდობისკენ, ჩვენ ვართ გზა თავისუფლებისკენ. მე ყველას გისურვებთ ამ თავისუფლებას, ამ ევროპელობას, ოღონდ საქართველოში, რომ აღარ დაგჭირდეთ სადმე წასვლა იმისთვის, რომ აქ იყოთ ევროპელები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.