აფხაზმა ჟურნალისტმა ნიზფა არშბამ კომენტარი გააკეთა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც მისი მონაცემები შეიტანეს „უცხოეთის აგენტების“ სიაში.

„მე არ ვარ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და არც არასდროს ვყოფილვარ. არც აფხაზეთი არ არის რუსეთი”, - განაცხადა არშბამ.

როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის, "ოხო კავკაზას" რედაქცია წერს, ინფორმაცია „უცხოეთის აგენტად“ აღიარებული პირების მოქალაქეობის შესახებ ყოველთვის არ არის ხოლმე მითითებული ოფიციალურ რეესტრში. მაგალითისთვის, 2023 წლის აპრილში ეს სტატუსი მიიღო გამომძიებელმა ჟურნალისტმა ხრისტო გროზევმა, რომელიც ბულგარეთის მოქალაქეა (არ აქვს რუსეთის მოქალაქეობა).

21 მარტს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ განაახლა უცხოელი აგენტების რეესტრი, რომელშიც შეიყვანა აფხაზი ჟურნალისტები - სააგენტო „აიაშარას“ რედაქტორი ნიზფა არშბა და „ნუჟნაია გაზეტას“ დამფუძნებელი, იზიდა ჭანია. მანამდე უცხოეთის აგენტის სტატუსი ასევე მიიღო გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორმა ინალ ხაშიგმა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქე უცხო ქვეყნის აგენტად იქნა აღიარებული.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებაზე (აფხაზი ჟურნალისტების „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადების შესახებ) კომენტარი გააკეთა ადვოკატმა საიდ გეზერდავამ:

„რატომ აცხადებენ აფხაზ ჟურნალისტებს მეზობელ ქვეყანაში აგენტებად, როცა ისინი აფხაზეთის ხელისუფლებისა და მისი წარუმატებელი საგარეო პოლიტიკის შესახებ წერენ? ძნელი დასაჯერებელია, რომ მათი აგენტებად გამოცხადება ვინმეს სჭირდება აფხაზეთის ფარგლებს გარეთ. ასეთი გარე ადმინისტრაციული ზეწოლა იქნა გამოყენებული არჩევნების დროს. აფხაზეთის თანამედროვე ისტორიაში არც ერთი პრეზიდენტი არ არჩეულა ამ მასშტაბის საგარეო ზეწოლის პირობებში“.

საიდ გეზერდავას თქმით, „რეპრესიების აუთსორსინგით გადაცემა ამაზრზენი ცინიკური ქმედებაა, დუმილი და ასეთი პოლიტიკის მხარდაჭერა ერთმნიშვნელოვნად იკითხება, როგორც მისი მოწონება და არალოიალობა საკუთარი სახელმწიფოს მიმართ, რაც ნოყიერ ნიადაგს ქმნის სუვერენიტეტისა და თავისუფლებების სრული დაკარგვისთვის“.

წყარო: რადიო თავისუფლება