საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრს ჩაბა ლანტოს შეხვდა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის, მათ შორის გარემოს დაცვის მიმართულებით გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.
როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და უნგრეთს შორის გამორჩეული ურთიერთობები არსებობს; ევროპული ინტეგრაციის გზაზე უნგრეთი საქართველოს სანდო და მტკიცე პარტნიორია.
„გარემოს დაცვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გაზრდილმა საბიუჯეტო დაფინანსებამ და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებამ ხელშესახები შედეგები მოგვიტანა როგორც საერთაშორისო გარემოსდაცვით სტანდარტებთან დაახლოების, ასევე სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესების მიმართულებით. საქართველო აქტიურად ახორციელებს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. ასევე, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ადრეული გაფრთხილების სისტემების დამონტაჟებისა და გაფართოების კუთხით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
უნგრეთის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა საქართველოსთან თანამშრომლობისთვის როგორც ინსტიტუციური განვითარების, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და წყლის რესურსების მართვის პოლიტიკის განხორციელების, ინვესტიციების მოზიდვისა და წარმოების განვითარების მიმართულებით.
შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი დარჩია ესწრებოდნენ.