ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ლაშა კალანდაძის განცხადებით, ამ ეტაპზე გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე მათი მხრიდან რაიმე განცხადების გავრცელება არ იგეგმება. როგორც ივანიშვილის ადვოკატმა „ფორმულასთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, ის ივანიშვილის ინტერესებს სამოქალაქო საქმეებში იცავს და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დეტალები მისთვის უცნობია.

„ამ ეტაპისათვის განცხადება პროკურატურამ გაავრცელა და განცხადების გავრცელება ჩვენი მხრიდან არაა დაგეგმილი, ინფორმაცია საქმის ვითარებასთან დაკავშირებით მაქვს მხოლოდ და მხოლოდ იმ განცხადებიდან და იმ პროცესის მიმდინარეობიდან გამომდინარე, რაც გუშინ გაიმართა და იქ აქცენტები გაკეთებული იყო, დანაშაულთან მიმართებაში,“- განაცხადა ლაშა კალანდაძემ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას. კერძოდ, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. აღნიშნული ინვესტორი კი ექსპრემიერი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.