გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ შუამდგომლობა შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს პარლამენტი ავრცელებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „პალატა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო, გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში“.

„პალატა აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ და მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას იგივე გააკეთოს დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის დემონსტრირებისთვის; მოუწოდებს საქართველოსთან გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვისკენ და რუსეთის ჩარევასთან დასაპირისპირებლად ევროკავშირელ პარტნიორებთან უფრო მჭიდრო კოორდინაციისკენ. პალატა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

წინადადება თემთა პალატას 13 იანვარს წარედგინა. ამ დროისთვის მას პალატის 13 წევრი აწერს ხელს.

ipn.ge