ბრიუსელში, ხვალ, 27 იანვარს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრებენ, - ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ვიდეოკონფერენციის საშუალებით აზრთა არაფორმალური გაცვლის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას განიხილავენ.

ამასთან, საგარეო საქმეთა საბჭო ევროკავშირისა და აშშ-ს ურთიერთობების შესახებაც იმსჯელებს. მინისტრები ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის სირიაში, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც განიხილავენ.

„საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს მიმდინარე საკითხებს, ყურადღებას გაამახვილებს ბოლოდროინდელ მოვლენებზე და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში სწრაფად ცვლად ვითარებაზე. ამ პუნქტის ფარგლებში მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს შეეხებიან”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.