ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს მარტში ეწვია FAO-ს საერთაშორისო სანიტარული, ფიტოსანიტარული და აგროვაჭრობის ექსპერტი. მან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარა TRACES NT სისტემაზე.
TRACES NT ევროკავშირის ციფრული სერტიფიცირებისა და მართვის პლატფორმაა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში ცხოველური წარმოშობის პროდუქტის, არაცხოველური წარმოშობის საკვებისა და მცენარეების ექსპორტისთვის გამოიყენება. აღნიშნული სისტემის დახმარებით გაუმჯობესდება სურსათის უვნებლობის კონტროლი და გაიზრდება ქართული სასოფლო სამეურნეო პროდუქტის ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში ექსპორტი.
ვიზიტის ფარგლებში FAO-ს ექსპერტებმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტით დაინტერესებული სურსათის ბიზნეს ოპერატორები და ასევე, ქვეყნის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მოინახულეს. მათი მიზანი DCFTA-სა და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებული სანიტარული და ფიტოსანიტარული სისტემებით საქართველოში სურსათის უვნებლობისა და ექსპორტის შესაძლებლობების შეფასება და განვითარებაა.