ნამდვილად ახალ ეტაპზე ვართ იმის მერე, რაც ეუთო/ოდირმა თავისი საბოლოო დასკვნა დადო არჩევნების შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი შეფასებით, ეუთო საბოლოო პოლიტიკურ შეფასებას არ აკეთებს, რადგან ამის მანდატი აღნიშნულ ორგანიზაციას არ აქვს.

„დღეს ვართ შეკრებილი ამ ფორმატში, კოორდინაციის ფორმატში, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობოები, საზოგადოების წარმომადგენლები, ქუჩის აქტივისტები, პროტესტის ორგანიზატორები თუ მონაწილეები იმისთვის, რომ ჩვენ გადავხედოთ დღეს, სად ვართ. ვართ ნამდვილად ახალ ეტაპზე, იმის მერე, რაც ეუთო/ოდირმა თავისი საბოლოო დასკვნა დადო არჩევნების შესახებ. ჩვენ ყველამ, აქ მყოფმა და საზოგადოებამ კიდევ უფრო კარგად იცის თუ რა მოხდა არჩევნების დროს, როგორ გაყალბდა ეს არჩევნები, რა მეთოდებით გაყალბდა და ა.აშ. ასე, რომ არაფრის დამტკიცება არავის აღარ სჭირდებოდა, მაგრამ ასევე ყველამ ვიცით, რომ ეს საბოლოო დასკვნა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენმა უცხო პარტნიორებმა, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებოდნენ, რომ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღოთ, ამ საბოლო დასკვნას ელოდებოდნენ. სამწუხაროდ, ბატონი კობახიძისთვის არაფერს არ ცვლის ის ფაქტი, რომ 2 წუთში გამოვიდა და თქვა, ძალიან კარგია ეს დასკვნა და ჩვენ გვაძლევს ლეგიტიმაციასო. ეს მისი სიტყვებია და ჯერ არ ვართ ჩვენ საბჭოთა რეჟიმში და საბჭოთა სისტემაში, რომ მისი ნათქვამი იმდენად ჩაკეტილ სივრცეში მოხვდეს, რომ ყველამ დაიჯეროს და ვერავინ გაიგოს სად არის სიმართლე. სიმართლე არის სულ სხვა, ეს დასკვნა ძალიან სერიოზულია და ყველა იმ დარღვევას, გაყალბების ფორმებს და მეთოდებს ასახავს, რაც ჩვენ ყველამ მანამდე აღვნიშნეთ, ამას ადასტურებს ძალიან ფორმალურად თავის დასკვნაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის ფაქტი, რომ ეუთო არ იძლევა საბოლოო პოლიტიკურ შეფასებას, ესეც მისი პასუხისმგებლობის და მანდატის ფარგლებშია, რადგან ამ ორგანიზაციას ეს მანდატი არ აქვს, რომ პოლიტიკური დასკვნა და პოლიტიკური შეფასება დადოს. ის, რაც დადო, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ტექნიკურად შეფასდეს ეს არჩევნები, მათი პრესრელიზი ამბობს, რომ საარჩევნო პროცესზე ნეგატიური შედეგი იქონია და ასევე ნეგატიური შედეგი საზოგადოებრივ ნდობაზე. ასევე, ის კანონმდებლობამ, რომელიც წინასწარ იყო მიღებული, ძალიან ნეგატიური გავლენა იქონია მთავარ, ადამიანის უფლებებზე და ა.შ. ძალიან ბევრი არის აქ მოცემული, იმედი მაქვს ყველამ დეტალურად წაიკითხა, საზოგადოებამ დეტალურად უნდა წაიკითხოს ეს დასკვნა, ეს არის საფუძველი იმის, რომ ჩვენ, ყველანი ერთად, ახალ ეტაპზე გადავდივართ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.