საერთაშორისო სანქციების გამოყენების პროცესთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ ქვეყანა სრულად იცავს დადგენილ წესებს და მკაცრად აკონტროლებს საზღვარზე ყველა სახის საბაჟო ოპერაციებს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება მედიის მიერ ბოლო დღეებში გავრცელებულ დეზინფორმაციას საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების გამოყენების პროცესის შესახებ და კიდევ ერთხელ კატეგორიულად აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციების შემოღების შემდეგ ჩვენი ქვეყანა სრულად იცავს დადგენილ წესებს და მკაცრად აკონტროლებს ყველა სახის საბაჟო ოპერაციებს საზღვარზე.

ამის გათვალისწინებით, ყველა საქონელი, რომელიც შედის სანქციებში მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, მათ შორის სიუჟეტში აღნიშნული საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკა, რომელიც საქართველოს გავლით გადაიზიდება, ექვემდებარება სპეციალურ საბაჟო კონტროლს და გულდასმით მოწმდება. . ასევე, დამატებით შემოწმებას ექვემდებარება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შემთხვევები, რათა საქართველო დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების საშუალებად არ იყოს გამოყენებული. 

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არ არსებობს საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი, რასაც ადასტურებს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების მედიისთვის განცხადებები.

შესაბამისად, ნებისმიერმა პირმა, რომელიც ადანაშაულებს საქართველოს სანქციების დარღვევაში, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება - ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ზიანს მიაყენებენ ქვეყნის რეპუტაციას, რაც ჩვენი მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.