რადიკალური ოპოზიცია ითხოვს ემიგრაციაში მყოფი საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ცალმხრივად მიიღო ვიზასთან დაკავშირებული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება, საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თანამემამულეებს სანქციებს არ დაუწესებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
ამასთან, თალაკვაძის თქმით, ადამიანები, რომლებმაც 2008 წელს მიატოვეს საკუთარი ჯარისკაცები, დღეს ხმამაღლა გამოდიან საქართველოსთვის დამაზიანებელი და მავნებლური განცხადებებით.
„მოვისმინეთ უპასუხისმგებლო ოპოზიციონერების, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების უპასუხისმგებლო განცხადებები. ისინი პრაქტიკულად საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვენ საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას. რადიკალური ოპოზიცია ითხოვს ემიგრაციაში მყოფი საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად, დამოუკიდებლად, საქართველოს მონაწილეობის გარეშე მიიღო ვიზასთან დაკავშირებული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება. ის ადამიანები, რომლებმაც 2008 წელს მიატოვეს საკუთარი მოსახლეობა ომის ზონაში და სოფლებში, სადაც თავდასხმა და ოკუპაცია მიმდინარეობდა, მიატოვეს საკუთარი ჯარისკაცები და ამის შემდეგ, მაშინ, როცა რუსეთმა შემოიღო სავიზო რეჟიმის შეზღუდვა, სწორედ ამ პოლიტიკურმა ძალამ, ამ პოლიტიკური ძალის ლიდერმა, მაშინდელმა პრეზიდენტმა გააუქმა ცალმხრივად უვიზო რეჟიმი, ეს ადამიანები, რომლებმაც მიატოვეს საკუთარი ჯარისკაცები, მიატოვეს ევროპელი ლიდერები, რომლებიც სტუმრად იმყოფებოდნენ გორში, დღეს ხმამაღლა გამოდიან საქართველოსთვის დამაზიანებელი და მავნებლური განცხადებებით. მინდა, მივმართო ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, ეს რადიკალური ოპოზიცია ითხოვს დღეს საქართველოს ხელისუფლებისგან თქვენზე სანქციების დაწესებას, რასაც, ბუნებრივია, ჩვენ არ ვეთანხმებით და საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თანამემამულეებს სანქციებს არ დაუწესებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
გარდა ამისა, თალაკვაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის, თუ პასუხისმგებლიანი ოპოზიციის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, რომ საქართველომ დაყოვნების გარეშე მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის წევრი ქვეყნის სტატუსი, სწორედ აქეთ უნდა იყოს ძალისხმევა მიმართული.
„მთავარი აქ არის ის, რომ საქართველო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა ევროკავშირის სტატუსის მიღებას, ანუ ამ გადაწყვეტილების დაგვიანებამ გამოიწვია რუსეთის ფედერაციის გააქტიურება და ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დღეს სახეზეა. საქართველოს პრეზიდენტის, თუ პასუხისმგებლიანი ოპოზიციის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, რომ საქართველომ დაყოვნების გარეშე მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის წევრი ქვეყნის სტატუსი, სწორედ აქეთ უნდა იყოს ძალისხმევა მიმართული. დღეს ჩვენ ვერცერთი ოპონენტის მხრიდან ვერ მოვისმინეთ ასეთი განცხადება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ისინი საგანგებოდ არ აჟღერებენ ამ არგუმენტს და აიგნორებენ მთავარ არგუმენტს, რაზეც ჩვენ თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით.
ჩვენი უპირველესი სათქმელია, ჩვენ არ ვაპირებთ ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას და საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი. ამ ადამიანების, ოპოზიციონერების უტიფრობას საზღვარი არ აქვს. ისინი საკუთარი ქვეყნის მაოხრებლები არიან, როდესაც გამოდიან და პირდაპირ ხელისუფლებას სთხოვენ ემიგრაციაში მყოფი თანამემამულეების დასანქცირებას. ჩვენ არ ვაპირებთ, მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც 100 000-ობით ჩვენს მოქალაქეს, საზღვარგარეთ მყოფთ შეუქმნის პრობლემებს და არ ვაპირებთ ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემების შექმნას. თავის დროზე, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო „ნაცმოძრაობამ“, მათ ვერ შეძლეს ეროვნული უსაფრთხოების დაცვა, მათ ვერ შეძლეს პროვოკაციების სწორი ანალიზი, რის შედეგადაც საქართველომ დაკარგა მნიშვნელოვანი ტერიტორიები, დაიღუპნენ ჯარისკაცები, რომლებიც მიატოვეს ბრძოლის ველზე, მიატოვეს ამ ადამიანებმა, რომლებიც ახლა გამოდიან განცხადებებით.
პრეზიდენტის, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ამოცანა უნდა იყოს, საქართველომ დროულად მიიღოს კანდიდატის სტატუსი, სრულიად უსამართლოდ უარი და გადავადება გამოიწვევდა ამ ტიპის გადაწყვეტილებებს. პრეზიდენტის და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ამოცანა უნდა იყოს ეს. რაც შეეეხება თავად სანქციებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ მიგვიღია ეს გადაწყვეტილება, რუსეთმა ცალმხრივად დააწესა, რადიკალური ოპოზიცია დღეს ჩვენ, ხელისუფლებას სთხოვს თავისი მოქალაქეების დასანქცირებას, რასაც არ გავაკეთებთ“, – განაცხდა არჩილ თალაკვაძემ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.