,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლება საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვის საქმეში ფსონს დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე დებდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ტრამპს. კობახიძემ თავის პოსტში აღნიშნა, რომ დარწმუნებულია ,,დონალდ ტრამპის ლიდერობა ხელს შეუწყობს გლობალურ და რეგიონულ მშვიდობას და უზრუნველყოფს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას”. არჩევნების შედეგებმა დიდი სიხარული გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებშიც. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებით, უკრაინაში ომის დამთავრების პერსპექტივა და აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის შანსი იზრდება. "ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველო-ამერიკის პარტნიორობა ახალ იმპულსებს საჭიროებს.
ფსონი დადებულია, არჩევნები ჩატარებული, ტრამპი გამარჯვებული. რას მოუტანს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და როგორი იქნება ორი ქვეყნის ურთიერთობები ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში? ამ საკითხზე ,,კომერსანტი’’ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტს გიორგი ლაბაძეს ესაუბრა. გიორგი ლაბაძეს მიაჩნია, რომ ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-ის მხრიდან ვერ მოხდება, რადგან ეს ურთიერთობები ,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლებამ არია. გარდა ამისა, ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტი აღნიშნავს, რომ ტრამპის გუნდში არიან ისეთი ადამიანები, რომლების საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დალაგება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების აღიარებაზეა დამოკიდებული.
,,ურთიერთობებში გადატვირთვა ამერიკის მხრიდან ვერანაირად ვერ მოხდება, იმიტომ რომ ურთიერთობები არია საქართველომ და არა ამერიკამ. მეორე საკითხი, მეგობარ აქტზე მთავარი ფიგურები, ვინც მუშაობდნენ ისინი ტრამპის მხარდამჭერები და მისი გუნდის წევრები არიან. ჯო უილსონმა, რომელიც ტრამპის საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული, ერთი კვირის წინ ენტონი ბლინკენს ტვიტი დაუწუნა, რომელიც იყო იმის შესახებ, რომ ლამის აღიარება გამოდიოდა საქართველოში ჩატარებული არჩევნებისა, რომელიც წაართვა მმართველმა პარტიამ ქართველ ხალხს. ამდენად, იცვლებიან პრეზიდენტები, მაგრამ კონკრეტულ ქვეყანაზე მათ ჰყავთ მრჩეველები და კომპეტენტური ადამიანები. მათი რჩევები მთავარსარდლის საბოლოო ქმედებებზე ახდენს გავლენას. ჯო უილსონს რომ თავი დავანებოთ, ,,ქართულმა ოცნებამ’’ დაუშვა შეცდომა, როცა მან ბაიდენის ადმინისტრაციის სისუსტის პირობებში გადაწყვიტა ჩინეთის შემოყვანა ამერიკის ნაცვლად. (2023 წელს ჩინეთთან გაფორმდა ხელშეკრულება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ) ტრამპი, რომელიც პრინციპში უფრო მეტად ძლიერია, დარწმუნებული ვარ არ დაუშვებს, რომ ჩინეთმა ჩაანაცვლოს ამერიკა კავკასიაში.’’- აცხადებს გიორგი ლაბაძე.
ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ შტატების დამოკიდებულება შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს. ყველაფერი კი 2024 წლის არჩევნების შეფასებაზეა დამოკიდებული. გიორგი ლაბაძე აცხადებს, რომ ტრამპის გუნდის წევრები, რომლებიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში დარღვევებზე მიუთითებენ, პოზიციას არ შეიცვლიან, რაც ,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულების შეცვლას გამორიცხავს.
,,ყველაფერი დამოკიდებული იქნება საქართველოში ჩატარებული არჩევნების აღიარება არ აღიარებაზე. ამერიკა, ამ შემთხვევაში სახელმწიფო დეპარტამენტი, ტრამპის ადმინისტრაცია თუ არ აღიარებს ამ არჩევნებს მერე უკვე აქ სხვა რამეა მოსაფიქრებელი. მე ძალიან მეეჭვება, რომ ჯო უილსონი, რომელმაც თქვა, რომ არჩევნები ჩატარდა დარღვევით, (ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია და ტრამპის მიმდევარია) იანვარში თქვას, რომ არჩევნები კარგად ჩატარდა საქართველოში. ეს ხომ წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, მე პირადად ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება უხაროდეთ ოცნების წარმომადგენლებს ტრამპის გამარჯვება. ამერიკის დამოკიდებულება საქართველოს მთავრობის მიმართ შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს.’’- აცხადებს გიორგი ლაბაძე.
როგორი იქნება აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკა? ეს ჯერ უცნობია, თუმცა კონტურები წინასაარჩევნოდ უკვე გამოკვეთილი იყო. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამერიკის ზოგადი საგარეო კურსი, ის რაც ამ ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებშია, არ შეიცვლება. ანალიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ ვინც არ უნდა იყოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობაში მითვისებული არჩევნების გზით მოსულ ხელისუფლებას არ მიიღებს.