ერთი წამით დავუშვათ, რომ რიგგარეშე არჩევნებზე ვიღაცა უნდა დაფიქრდეს, ჩვენ ამაზე არც ვფიქრობთ, წარმოუდგენელია, სასაცილოდ არ გვყოფნის, პირდაპირ გეუბნებით. იმიტომ კი არა, რომ ამით ირონიას გამოვხატავ, არ შეიძლება სერიოზული ლაპარაკი და იმიტომ. რატომ უნდა იყოს რიგგარეშე არჩვენები? 300 000 ხმა გაყალბდა? რატომ? საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს?, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ საქართველო-აშშ-ს მოსალოდნელ ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტრამპი და მისი მომავალი ადმინისტრაცია ხშირად მოიხსენიებენ „დიფ სტეიტს“, რაშიც გულისხმობენ ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ გავლენებს, ასევე, მაშინ, როდესაც არაფორმალურ მმართველობაზე საქართველოს ედავებოდნენ, აღმოჩნდა, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე აშშ დგას.

მდინარაძის განცხადებითვე, საქართველოს პოზიციონირება დამოკიდებული იქნება 20 იანვრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და იმაზე, თუ რამდენად შეძლებს დონალდ ტრამპი თავისი ზემოთ აღნიშნული დაპირებების შესრულებას.