საქართველოს დელეგაცია არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმს და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას არ დაესწრება. მთავრობის პოზიცია გუშინ პრესსამსახურმა გაავრცელა, თუმცა უცნობია დამატებითი დეტალები. რატომ არ მიდის ხელისუფლება 2 მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე? რა გახდა მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი? კითხვები ღია რჩება. მთავრობის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ დამატებით ინფორმაციას ჯერ არ გაავრცელებენ.
,,კომერსანტი’’ დაინტერესდა რას ნიშნავს სამთავრობო დელეგაციის არ წასვლა მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებზე? კითხვით ჩვენ ,,საქართველოს ატლანტიკური საბჭოს’’ აღმასრულებელ დირექტორს მივმართეთ. გიორგი მუჩაიძე აცხადებს, რომ საქართველო ხელისუფლების ლეგიტიმაციას საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს და ჩვენი მთავრობა არახელჩამოსართმევი ხდება. მისივე თქმით, ,,ქართული ოცნების“ მთავრობას მნიშვნელოვან და საერთაშორისო ფორუმებზე აღარ ეპატიჟებიან, თუმცა მთავრობას ამის აღიარება არ სურს, რის გამოც საზოგადოებაში ავრცელებენ პოზიცია, თითქოს მათ თავად თქვეს უარი ღონისძიებებში მონაწილეობაზე.
,,საერთოდ სიტუაცია სავსებით გასაგებია. თანდათან უფრო არახელჩამოსართმევი ხდება ეს რეჟიმი. ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე კანონის სახით შედის ინიციატივა მათი არალეგიტიმურობის აღიარების შესახებ. ევროპარლამენტმა შესაბამისი რეზოლუციები მიიღო. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელმა გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება რეჟიმის დასანქცირებაზე და დელეგიტიმაციაზე. ძალიან თანმიმდევრული არიან საერთაშორისო ინსტიტუტები. აღქმა უფრო და უფრო მყარდება ცივილიზებულ სამყაროში რეჟიმის არა ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რომ არ არის ეს მთავრობა, რომელიც საკუთარი ხალხის ნებას გამოხატავს. მეორე მხრიდან, ძნელია ამისი პირდაპირ აღიარება. ფაქტობრივად ალტერნატიულ რეალობაში ჰყავს, ცდილობს ყოველ შემთხვევაში ივანიშვილის რეჟიმი საზოგადოების ნაწილი მაინც საქართველოში ამყოფოს ალტერნატიულ რეალობაში. აქედან გამომდინარე აკეთებენ კომენტარებს, თითქოს თავად არ არიან დაინტერესებული და ამიტომ არ იღებენ მონაწილეობას. სინამდვილეში, ძალიან ცხადად ჩანს, რომ აღარ ხდება მათი მოწვევა მნიშვნელოვან ფორუმებზე საერთაშორისო მასშტაბით არ არის აღიარებული ამ რეჟიმის ლეგიტიმაცია და თანდათანობით ეს სანქციების ყულფიც უფრო და უფრო ეჭირება რეჟიმს.’’- აცხადებს გიორგი მუჩაიძე.
,,საქართველოს ატლანტიკური საბჭოს’’ აღმასრულებელ დირექტორი აცხადებს, რომ ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია და ვითარების უცვლელად გაგრძელება ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს, რაც მოსახლეობის ცხოვრების დონეს გააუარესებს. გიორგი მუჩაიძის თქმით, კრიზისი ეროვნულ ვალუტაზეც აისახება და მისი მსყიდველობითი უნარი დაეცემა, რადგან ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დახმარებების, სესხებისა და გრანტების გარეშე დარჩება. მათი ნაწილი კი უკვე შეჩერებულია.
,,ღრმა პოლიტიკურ კრიზისში უკვე შესული ვართ. ეკონომიკურ ნაწილს რაც შეეხება, მოგეხსენებათ საქართველო მნიშვნელოვან წილად არის საერთაშორისო არა მხოლოდ დახმარებებზე, არამედ ზოგადად უცხოურ ინვესტიციებზე მნიშვნელოვან წილად დამოკიდებული ქვეყანაა. ვალების მხრივაც, ეს მსოფლიო ბანკი იქნება, საერთაშორისო სავალუტო ფონდი იქნება, ევროკავშირის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი იქნება, ამ კუთხით მილიარდობით დახმარება არის გაცემული. მიმდინარე პროექტები, ახალი დახმარება, სესხებიც და გრანტებიც დიდი ნაწილი შეჩერებულია. შესაბამისად, რაც უფრო გაიზრდება სანქციები (არამხოლოდ დასანქცირებული პირების რაოდენობის, არამედ ხარისხიც. ანუ ე.წ. ფინანსური და აქტივებთან დაკავშირებულ სანქციებზე როცაა საუბარი) საერთაშორისო ბიზნესები, რომლებიც აქ ინვესტიციებს აკეთებენ, ამ ფულის შემოდინება და დახმარება შეჩერდება. შესაბამისად, ქართული ბიზნესის მდგომარეობა გაუარესდება და საგრძნობ, ეკონომიკურ კრიზისში ჩავარდება ქვეყანა. ამას აუცილებლად მოჰყვება ლარის კურსის გაქცევა არამხოლოდ დოლართან მიმართებაში. საქართველოში პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის სასურსათო პროდუქციის, საზღვარგარეთიდან შემოდის. მნიშვნელოვანი ნაწილი დასავლეთიდან. აქედან გამომდინარე, რაც არის საარსებო მინიმუმი ლარში, ის გაცილებით ნაკლები მსყიდველობითუნარიანობის იქნება. შესაბამისად, ცხოვრების ხარისხი და სტანდარტი მნიშვნელოვნად გაუარესდება. ეს უფრო გაამწვავებს, როგორც ეკონომიკურ კრიზისს, ასევე მთლიანად პოლიტიკურ კრიზისსაც და მთლიანად საზოგადოებაში მობილიზაცია და პროტესტი გაცილებით გაიზრდება. ფაქტობრივად, ის მინიმალური ცხოვრების პირობები, რასაც მინიმალური პენსია თუ ხელფასი უზრუნველყოფდა ნომინალურად ლარში იგივე დარჩება და რეალურად მისი მსყიდველუნარიანობა გაცილებით ნაკლები იქნება. მოსახლეობის დიდი ნაწილს აღარ ექნება საშუალება, რომ საარსებო მინიმუმით იყოს უზრუნველყოფილი იმ ხელფასებით და პენსიებით, რაც დღეს არსებობს.’’- აცხადებს გიორგი მუჩაიძე.
,,საქართველოს ატლანტიკური საბჭოს’’ აღმასრულებელ დირექტორი გამოსავალს ახალი არჩევნების დანიშვნაში ხედავს. გიორგი მუჩაიძე აღნიშნავს, რომ საჭიროა არჩევნები სათანადო, დემოკრატიულ პირობებში ჩატარდეს, რათა ხელისუფლებაში ხალხის ნების გამომხატველი პოლიტიკოსები მოვიდნენ.
,,გამოსავალი ერთადერთია და ყველა მზარდად საუბრობს საერთაშორისო თანამეგობრობაში. ის საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც ჩამოვიდნენ, მაგალითად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები. ამას ლეგიტიმაციად ასახელებენ ოცნების ხელისუფლებაში. ხავსს ეჭიდება ჩვენი დე-ფაქტო მთავრობა. ძალიან ცალსახად ყალიბდება აზრი, რომ ახალი არჩევნების, მათ შორის სათანადო პირობებში ჩატარების გარეშე ვერ მოხდება ვერც ევროკავშირში, ვერც ნატოს მიმართულებით ორმხრივი პარტნიორობის პროცესის გაგრძელება. აშშ-მა სტრატეგიული პარტნიორობა გააჩერა. იგივეა ბრიტანეთის შემთხვევაში. თემთა პალატაში უკვე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას განიხილავენ. ახალი არჩევნების გარეშე და ხალხისთვის ხელისუფლების დაბრუნების გარეშე კრიზისი ვერ მოგვარდება. ამის გარეშე მე გამოსავალს ვერ ვხედავ და ვერც საერთაშორისო თანამეგობრობა.’’- აცხადებს გიორგი მუჩაიძე.