აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში პოლიტიკის მთავარი თემა დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიასა და მოსკოვის ურთიერთობაა, ასევე მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები.

არჩევნები 2025 წლის 15 თებერვალს უნდა გაიმართოს.

ბჟანია, გადამდგარი ე.წ პრეზიდენტი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და რეგისტრირებულ სუბიექტებს კვლავაც თავის ოპონენტებად მოიაზრებს.

ამჟამად მომავალ პრეზიდენტად ორი კანდიდატურა განიხილება: ბადრა გუნბა და ადგურ აძინბა.

გუნბას კანდიდატურა საორგანიზაციო ჯგუფის მიერ არის წარდგენილი.  ოპოზიციონერი ადგურ არძინბა  კი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ეკონომიკის ყოფილი მინისტრია. ის 2020 წელს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა, სადაც 33 686 ხმა (36,9%)  მიიღო და ბჟანიას შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

მოძრაობა „სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელი შმაგი სამხარაძე გვიყვება, რომ რუსეთისთვის გუნბას კანდიდატურა მისაღებია, მეტიც, ოფიციალური მოსკოვი ყველანაირად ცდილობს გუნბა მომავალ ე.წ პრეზიდენტად წარმოაჩინოს. ამისთვის, პუტინის იმიჯზე მომუშავე კომპანიები გამოკითხვებსაც კი აყალბებენ.

„აფხაზეთში, სამი დღეა, დიდი სკანდალია. კვლევების რუსულმა ორგანიზაციამ „ვციომ“, რომელიც პუტინის რეიტინგზე მუშაობს, გაავრცელა ე.წ გამოკითხვის შედეგები, რომ პირველ ადგილს საპრეზიდენტო არჩევნებში ბადრა გუნბა იკავებს 32%-ით, მეორეზე კი 15%-ით ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია. მოგვიანებით გავრცელებული გამოკითხვის შედეგებით კი ამბობდნენ, რომ ბადრა გუნბა პირველივე ტურში მოიგებდა. ამას აფხაზეთში დიდი აურზაური მოჰყვა, რადგან პატარა აფხაზეთში ვერ ნახეს ვერც ერთი კაცი, რომელმაც გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო. ადგურ აძინბამ კი განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ფარსი იყო. აფხაზეთში რუსეთის სპეცოპერაცია მზადდება, ე.წ არჩევნებში საზოგადოებრივ აზრს აყალბებენ,  ჩართეს ქუჩა, იყენებენ არძინბას სოციალურ ქსელებს და სრული მზადყოფნაა, რომ ბადრა გუნბას გაამარჯვებინონ.

საინტერესოა, რომ გუნბა არავის არ უჯდება დებატებში.  თავიდანვე პოზიციონირებს, როგორც ძალაუფლების მქონე პირი. თითქოს, ფაქტის წინაშე აყენებენ აფხაზებს, რომ მათი მომდევნო პრეზიდენტი გუნბა უნდა იყოს“,- აღნიშნა შმაგი სამხარაძემ.