Zinc Network და „CRRC საქართველოს“ კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორებია: რუსეთის წინააღმდეგობა, სუსტი ეკონომიკა, შიდაპოლიტიკური პოლარიზება და ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა.
კითხვაზე - რა უშლის ხელს საქართველოს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში, გამოკითხულთა 20%-მა რუსეთის წინააღმდეგობა დაასახელა, 17%-მა - სუსტი ეკონომიკა, 15%-მა - პოლარიზება, 13%-ი კი ამბობს, რომ ამის მიზეზი ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაა.
ამას გარდა, ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია საკმარისს არ აკეთებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, საპირისპიროს ფიქრობს 25%.
გამოკითხულთა 35%-ს არ სჯერა, რომ საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად საჭირო რეფორმებს გაატარებს.
მოქალაქეებს ასევე ჰკითხეს, ვინ იგულისხმებოდა რეკომენდაციაში დეოლიგარქიზაციაში. გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ დეოლიგარქიზაციაში იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი, 9% - დავით კეზერაშვილი, 8% - მიხეილ სააკაშვილი.
კვლევა CRRC საქართველომ Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში შედგა 2,757 პირისპირ ინტერვიუ. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე წარმოებდა. ცდომილების საშუალო ზღვარია: +/- 2.4%. დამატებით, CRRC საქართველომ 2023 წლის 10-14 მარტს ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა 1,048 რესპონდენტთან მთელი საქართველოს მასშტაბით ქართულ ენაზე, კვლევის ამ ნაწილში ცდომილების საშუალო ზღვარია 2.6%. გამოკითხვების შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.