საქსტატის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის I კვარტალში 201 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია.
ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ სირბილაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემცირება მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგია.
„ვხედავთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კატასტროფულად, 64%-ით არის შემცირებული. ხაზი უნდა გაესვას იმასაც რომ, წინა წელს პირველ კვარტალშიც შემცირება გვქონდა უცხოური ინვესტიციების. ის, რომ ასეთ მდგომარეობაში ვართ ჩვენთვის არახალია, რადგან უცხოური ინვესტიციები სტაბილური მზარდი მაჩვენებელი ქვეყანას საშუალოვადიან პერიოდშიც კი არ ჰქონია. კიდევ ერთი საკითხი ისიცაა, რომ ამ პირველ კვარტალში რა ინვესტიციებიც შემოვიდა, ამის 46% დაახლოებით რეინვესტირების დამსახურებაა, ანუ არსებული ინვესტორების მხრიდან მოგების არ გატანა და ისევ ბრუნვაში ჩაშვება დაფიქსირდა.
იქიდან გამომდინარე, რაც ახლა ხდება, მოსალოდნელია, რომ ინვესტიციების კლება მომდევნო კვარტლებშიც გაგრძელდება, რადგან ნორმალური ინვესტორი არ მოინდომებს ფულის ჩადებას იქ, სადაც გაურკვევლობის ხარისხი მაღალია და ავტორიტარიზმი ყალიბდება. რამდენიც არ უნდა გვაჯორენ, რომ ვითომ თავისუფალი ეკონომიკა გვაქვს, შეუქცევადია ამ ნეგატიური პროცესების გაგრძელება“. - აცხადებს ნოდარ სირბილაძე.