ენტონი ბლინკენის სიტყვებმა, რომელიც მან 12 ოქტომბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე წარმოთქვა, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. „მე მოვედი თქვენთან არა როგორც  მხოლოდ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, არამედ როგორც ებრაელი.“ „როგორც ებრაელი“ - უნდა ეთქვა კი მას ეს სიტყვები? ცხადია, აშშ მხარს დაუჭერდა ისრაელს იმ შემთხვევაშიც თუ მის სახელმწიფო მდივანს ან სხვა პოლიტიკურ ლიდერებს ებრაელებთან ნათესაური კავშირი არ აღმოაჩნდებოდათ. ეთნიკურ წარმომავლობაზე აქცენტის გაკეთება თითქოს ცალსახად გაუმართლებელია. ეს სიტყვები ხომ ისრაელის ოპონენტების გაღიზიანებას და  ისრაელის წინააღმდეგ მათ კიდევ უფრო ინტენსიურ დარაზმვას გამოიწვევს. ენტონი ბლინკენის ამგვარი პოზიციონირებას, მაშინ როდესაც მას უკვე დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრები არაბული ქვეყნების ლიდერებთან, შესაძლოა მნიშვნელოვნად შეემცირებინა, მისი როგორც მედიატორის შესაძლებლობები.

ამ სიტყვებს მოგვიანებით დავუბრუნდებით, მანამდე კი მოკლედ მიმოვიხილოთ ისრაელისა და აშშ-ის ურთიერთობა. ამ ქვეყნების პარტნიორობის მაღალი ხარისხი საკმაოდ ნათლად ჩანს გაეროს ფარგლებში თანამშრომლობაში. აშშ-მა, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედმა წევრმა ვეტოს უფლება ჯამურად 84 ჯერ გამოიყენა, ამ ვეტოებიდან ნახევარზე მეტი - 45 ვეტო მისი სტრატეგიული პარტნიორის, ისრაელის გამო და ისრაელის მხარდასაჭერად აქვს გამოყენებული. ათეული წლების განმავლობაში აშშ სისტემატურად ბლოკავდა ისრაელის ცალმხრივად კრიტიკის შემცველი რეზოლუციების მიღებას. მხოლოდ ერთხელ, პრეზიდენტ ბარაკ ობამას მმართველობის დროს აშშ-ს წარმომადგენელმა გაეროს უშიშროების საბჭოში კენჭისყრის დროს თავი შეიკავა, შედეგად საბჭომ ისრაელის საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღო. თუმცა აშშ-ს შემდეგმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღადგინა ისრაელის მხარდამჭერი ვეტოების გარკვეული ტრადიცია და დამატებით საკუთარ ერთ-ერთ გამორჩეულ წარმატებას საგარეო პოლიტიკაში სწორედ ისრაელის მხარდამჭერ პოლიტიკაში მიაღწია. ეს წარმატება პირველ რიგში აშშ-ს შუამდგომლობით მთელი რიგი არაბული ქვეყნების მიერ ისრაელის სუვერენიტეტის აღიარებასა და მასთან დიპლომატიური თანამშრომლობის დაწყებაში გამოიხატა. ისრაელსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება 1981 წელს, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მმართველობის დროს გაფორმდა. სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ პოლიტიკურ მხარდაჭერაში არ გამოიხატება. რეიგანისვე პრეზიდენტობის პერიოდში გაფორმებული შეთანხმება ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გახდა მთავარი საგარეო ფაქტორი, რამაც ისრაელის ეკონომიკის მძლავრი ზრდა უზრუნველყო. შედეგად, დღეს ისრაელის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 58.000 აშშ დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც ევროკავშირის ქვეყნების მშპ ერთ სულ მოსახლეზე 34.000 დოლარია. საინტერესოა, რომ მხოლოდ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ისრაელის მშპ დაახლოებით 20 პროცენტითაა გაზრდილი. 2022 წელს ისრაელის ვაჭრობამ აშშ-სთან 50 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედარებისთვის საქართველომ, ამავე 2022 წელს აშშ-სთან 1,3 მილიარდ ამერიკულ დოლარზე ნაკლები ივაჭრა. აშშ-სთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებამ დადებითი ეფექტი მოახდინა ისრაელის ევროკავშირთან ვაჭრობის განვითარებაზეც. ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის გამო ისრაელი გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და მართვის თვალსაზრისითაც. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მიღწევებს თანამედროვე ტექნოლოგიებში ქვეყანა ეფექტურად იყენებს საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის.

აშშ-ს პრეზიდენტ რეიგანისვე პერიოდს უკავშირდება სამხედრო სფეროში ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა. ისრაელი როგორც აშშ-ს მთავარი პარტნიორი ქვეყანა ნატოს ალიანსის მიღმა, აშშ-ის სამხედრო დახმარების უმსხვილესი მიმღები ქვეყანა გახდა. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ისრაელმა ბოლო 6 ათეული წლის განმავლობაში აშშ-სგან 220 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება მიიღო. ამავე დროს, ისრაელს აქვს უფლება ამერიკული იარაღის მწარმოებელ კომპანიებთან პირდაპირი შესყიდვები განახორციელოს, ხოლო თუ იარაღის შესყიდვისთვის აშშ-ს კონგრესის გადაწყვეტილება გახდა საჭირო, ისარგებლოს გამარტივებული და დაჩქარებული პროცედურებით. ისრაელის სამხედრო შესაძლებლობებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით საკითხს  - ისრაელის ბირთვული იარაღის შესახებ. გავრცელებული მოსაზრებით ისრაელმა წლების წინ ფრანგებთან წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში შექმნა ბირთვული იარაღი,  თუმცა ისრაელის ლიდერებს არასდროს დაუდასტურებიათ მისი არსებობა. ფაქტია, რომ ისრაელის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა (ან თუნდაც საკმაოდ დამაჯერებელი მითი მისი არსებობის შესახებ) განსაკუთრებულ შემაკავებელ ეფექტს ატარებს აგრესიულად განწყობილი ქვეყნებისთვის.

7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი უსასტიკესი აგრესიის შემდეგ, აშშ-სთვის მთავარი ამოცანა რეგიონში ფართომასშტაბიანი ომის თავიდან აცილება გახდა. სწორედ ეს ამოცანა იძლევა მანევრის საუკეთესო საშუალებას სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევების დასაძლევად. მაგალითად როგორიცაა  პარტნიორის, ისრაელის მხარდაჭერა, რეგიონში ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული კრიზისის შეკავება და ღაზას სექტორზე ბლოკადის შერბილება, საკუთარი და პარტნიორი ქვეყნების მძევლების ჰამასის ტყვეობიდან გათავისუფლება და ა.შ.

 ვის თუ არა აშშ-ის მთავარ დიპლომატს, ენტონი ბლინკენს ესმოდა, რომ გამწარებულ და შოკში ჩავარდნილ ისრაელელებს, რომელთაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი  და თანამედროვე სამხედრო ძალები გააჩნიათ, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, უკიდურესად სასტიკი პასუხის გაცემა შეეძლო არაბი ტერორისტებისთვის. ვის თუ არა ენტონი ბლინკენს ესმოდა, რომ უკრაინისგან განსხვავებით, რომელიც სამართლიან, თავდაცვით ომს ეწევა აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ, ისრაელს ჰამასის ტერორისტებისთვის მყისიერი და დაუნდობელი პასუხისთვის არ სჭირდება ფინანსური, სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა ქვეყნის გარედან. შეიძლება შემომედავოთ, რომ საგარეო მხარდაჭერის გარეშე ისრაელს დღესაც გაუჭირდება მაგალითად ჰეზბოლას ტერორისტებთან ან ირანთან დაპირისპირება. მნიშვნელოვანწილად ეს ასეცაა, თუმცა ისრაელის სახელმწიფოს მთელი ფილოსოფია სწორედ იმ მოცემულობაზეა დაფუძნებული რომ ქვეყნისთვის უკიდურესად კრიტიკულ ჟამს (თუ ასეთი დრო დადგა), დამოუკიდებლად ჰქონდეს შესაძლებლობა დაუპირისპირდეს დაუნდობელ, სასტიკ და გაცილებით მრავალრიცხოვან მტერს. სწორედ ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ უკვე 9 ოქტომბრისთვის, ანუ ჰამასის თავდასხმიდან 48 საათში ისრაელმა შეძლო 300.000 (!) მოხალისის მობილიზება. ამავე დროს, აშშ-ის როგორც გამორჩეული პარტნიორის როლი არავის გაუუქმებია, ეს წარმოუდგენელიცაა. დავუბრუნდეთ აშშ-ის წინაშე მდგარ ამოცანას - არ იქნეს დაშვებული საომარი მოქმედებების მასშტაბების ზრდა. ამ ამოცანის შესასრულებლად, პირველ რიგში პარტნიორი ისრაელისთვის საკუთარი რეაქციის, გეგმების და შესაძლებლობების დეტალური გაცნობა იყო აუცილებელი. დარწმუნებული ვარ, 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას ისრაელის ლიდერებმა უკვე დანამდვილებით იცოდნენ, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ისრაელში დაგეგმილი ვიზიტის და აშშ-ის სხვა გეგმების შესახებ.  პარტნიორის მხარდაჭერა მით უმეტეს დღევანდელ ეპოქაში და მით უმეტეს ისრაელისთვის ასეთ რთულ პერიოდში მხოლოდ პოლიტიკურ კონსულტაციებს არ უნდა გულისხმობდეს და კომუნიკაცია მთელ საზოგადოებასთან უნდა დამყარდეს. ენტონი ბლინკენის ემოციური სიტყვები, რომ ისიც ებრაელია, რომ მისი ებრაელი წინაპრებიც ასევე იყვნენ დევნის და ჩაგვრის მსხვერპლი და ამავე ვიზიტის დროს ნათქვამი სხვა სიტყვები, რომ ჩვენ (აშშ) აქ ვართ და არსად წავალთ, გავკადნიერდები და ვიტყვი რომ სწორედ ის იყო რაც ისრაელელებს სურდათ და ამავე დროს ძალიან სჭირდებოდათ მოესმინათ.

ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი ომის თავიდან აცილების მიზნით უმნიშვნელოვანესი იყო აშშ-ს პოლიტიკური კონსულტაციები რეგიონში. უნდა ითქვას რომ ზოგადად საომარი მოქმედებების და კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია მიუღებელია არაბული ქვეყნებისთვისაც, რადგანაც დასავლეთთან ეკონომიკური კავშირებით, პირველ რიგში ენერგეტიკული რესურსების ექსპორტის გამო, ეს ქვეყნები კოლოსალურ მოგებას იღებენ. აი ირანთან და ლიბანთან, ანუ რეგიონის იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც აშშ-ის დიპლომატიური თანამშრომლობა არ აქვს ან კრიზისს განიცდის და რომლებიც ისრაელისთვის დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, მკაფიო გზავნილი ისრაელის ტერიტორიულ წყლებში ამერიკული ბირთვული ავიამზიდების შესვლის სახით განხორციელდა. სწორედ ეს ნაბიჯი წარმოადგენს ომის ესკალაციის თავიდან აცილების მთავარ შემაკავებელ ფაქტორს.

არა მხოლოდ ისრაელი, არამედ მთელი თავისუფალი სამყარო, მათი პოლიტიკური ლიდერების სახით აცხადებს, რომ ტერორისტებთან პოლიტიკური თანაცხოვრება წარმოუდგენელია. ამავე დროს სამართლიანი ომის (საომარ მოქმედებებში ჩართვის საფუძველი)  და ომის სამართლიანად წარმოების (ომი სამხედრო დანაშაულების გარეშე) პრინციპი (Just war) აუცილებლად იქნება დასავლეთის ქვეყნებისთვის მთავარი ღირებულებრივი ჩარჩო, რაც მას მისი ეგზისტენციალური მოწინააღმდეგისგან ყოველთვის განასხვავებს. ისრაელის მიერ ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ ღაზას სექტორში საომარი სახმელეთო ოპერაციები მაღალი ალბათობით დაიწყება. თუმცა დღეისათვის, დიდწილად სწორედ აშშ-ს ეფექტური დიპლომატიის გამო გაცილებით მეტი ობიექტური მოლოდინი არსებობს, რომ ეს საომარი მოქმედებები ლოკალური ხასიათის, ხოლო დანაკარგები მინიმალური იქნება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის სატელევიზიო მიმართვაში 19 ოქტომბერს უმნიშვნელოვანესი აქცენტები დასვა. ხაზგასმა უკრაინისა და ისრაელის აუცილებელ და მძლავრ მხარდაჭერაზე, ასევე აგრესორი პუტინის და ჰამასის ტერორისტების ერთად მოხსენიება და მათთან პოლიტიკური თანაცხოვრების კატეგორიული მიუღებლობა სრულიად მკაფიო და გასაგები მესიჯია მთელი მსოფლიოსთვის. ზედმეტი პათეტიკის გარეშე, აშშ-ის პრეზიდენტმა ყველა ყაიდის აგრესორსა და ტერორისტს მკაფიოდ გააგებინა, რომ აშშ მზად არის იყოს თავისუფალი სამყაროს ეფექტური ლიდერი და დამანგრეველი პასუხი გასცეს აგრესორებსა და ტერორისტებს მსოფლიოს ყველა რეგიონში. როგორც ჩანს შექმნილი რეალობა აუცილებელს ხდის ისრაელის საგარეო პოლიტიკის აქცენტების ცვლილებასაც. ვგულისხმობ პირველ რიგში პუტინთან ახლო თანამშრომლობის დასრულებას. მართლაც, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი ადამიანებისთვის გაუგებარია ისრაელის პოლიტიკური ლიდერების პუტინთან პარტნიორობა, მისი მეგობრად მოხსენიება და თანამშრომლობის მაღალი ხარისხი. ამას არც სირიის ომში ისრაელის და რუსეთის ინტერესების ნაწილობრივი თანხვედრა, არც ისრაელის მსხვილი რუსული დიასპორა, არც პუტინის გავლენა ისრაელის მეზობელ ტერორისტულ რეჟიმებზე არ ამართლებს. მეორე შესაცვლელი დებულება არის საერთაშორისო თანამეგობრობასთან მწირი და არაეფექტური კომუნიკაცია. წარმოუდგენელია ასეთი ეფექტური ეკონომიკის და სახელმწიფო მართვის, ასეთი განვითარებული ტექნოლოგიების მქონე ისრაელი სისტემატურად ცალსახად აგებდეს საინფორმაციო ომს დაპირისპირებულ მხარესთან. საინფორმაციო ომი ჰამასთან ისრაელმა წააგო 7 ოქტომბერსაც, როდესაც მათი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ენით აუწერელი სისტასტიკე ჩაიდინეს და ხოლო ისრაელის მხრიდან ინტენსიური საპასუხო ქმედებები დაწყებული ჯერაც არ იყო. ჰამასის ტერორისტები და მათი მხარდამჭერები ჰიბრიდულ ომს აწარმოებენ ისრაელთან, ამ ომის მთავარი კომპონენტი ინფორმაციით მანიპულირებაა. 2022 წელს გაეროს გენერალურმა ასსამბლეამ რუსეთის, აზიის, ლათინური ამერიკის, აფრიკის ქვეყნების მხარდაჭერით და ინიცირებით (როგორც ვიცით ამ ორგანოში გადაწყვეტილება მიიღება გაეროს ყველა წევრის მიერ ხმათა უმრავლესობით და არავის აქვს ვეტოს უფლება) 28 რეზოლუცია მიიღო სადაც რომელიმე ქვეყნის ქმედება იყო გაკრიტიკებული და მათგან ნახევარზე მეტი, 15 რეზოლუცია ისრაელის კრიტიკას მოიცავდა. ანალოგიური დამოკიდებულება ისრაელის მიმართ ხორციელდებოდა წინა წლებშიც. ეს გახლავთ ისრაელის, როგორც სახელმწიფოს დემონიზაციის მცდელობა და მის წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომის გამოვლინება. ამ ფონზე ისრაელმა არათუ გააძლიერა საინფორმაციო სტრატეგია, არამედ ფაქტობრივად ხელი ჩაიქნია თანამედროვე, ეფექტური, კონსოლიდირებული საინფორმაციო სტრატეგიის შექმნაზე და მთლიანად კონცენტრირდა მტრის შეკავების პოლიტიკურ, სამხედრო, ფინანსურ და სხვა სახის ინსტრუმენტებზე. დღევანდელი გადმოსახედიდან ისრაელს ამ თვალსაზრისით საკუთარი პოლიტიკის კარდინალური ცვლილება ესაჭიროება.

და ბოლოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ემოციური - „როგორც ებრაელი“ ვიღაცისთვის შესაძლოა ორაზროვანი და რეპუტაციის დამაზიანებელი გამონათქვამია, ჩემთვის კი ისრაელელებისადმი ასე მიმართვა ენტონი ბლინკენის ჰუმანურობასთან ერთად მისი მაღალი პროფესიონალიზმის და აშშ-ის ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციის გამოვლინებაა.

22.10.2023

კოკი იონათამიშვილი

„საქართველოს ევროპული ინიციატივა“