საქართველოს მოსახლეობის ძირითად პრობლემებად როგორც გასულ ისე მიმდინარე წელსაც ეკონომიკური მდგომარეობა ითვლება. მაგალითად, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 5 მთავარ პრობლემას შორის 4 ეკონომიკური სახისაა. უფრო კონკრეტულად, მოსახლეობის 55% დღეს მთავარ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს, 39% ფასების მაღალ დონეს, 16% სხვა ეკონომიკურ პრობლემებს, ხოლო 13% სიღარიბეს. მიუხედავად გასულ წლებში ეკონომიკის ორნიშნა ზრდისა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სურათი კვლავ მძიმეა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა ამ ყველაფრის გამოსასწორებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ერთია რას ამბობს სტატისტიკა, თუმცა მეორეა როგორია მოსახლეობის რეალური ცხოვრების დონე, რომელიც კვლევების მიხედვით კვლავ არასახარბიელოა.

ყველაზე მარტივი პასუხი კითხვაზე თუ როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება, ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპში უნდა ვეძებოთ. კარგად გვახსოვს, რომ 2021 და 2022 წლებში საქართველოს ეკონომიკა ორნიშნა ზრდით ხასიათდებოდა, თუმცა ეს ზრდა მიმდინარე წელს შენელდა, ხოლო მომავალ წელს როგორც მთავრობა პროგნოზირებს საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 5.2% იქნება. მეორე მხრივ კი, ეკონომიკური პრობლემებიდან ამოსვლის გზა ორნიშნა სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე გადის, რომელიც, როგორც ჩანს, მომავალ წლებში ვერ მიიღწევა. სურათის შესაცვლელად ცხადია, ქვეყანამ უნდა გამოიყენოს ყველა ის პოტენციალი, რაც მას გააჩნია. ამ ბლოგში იხილავთ 3 მთავარ მიმართულებას.

ქვეყანაში არსებული აქტივების სწრაფად ათვისება - უფასო პრივატიზაცია

მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ პრივატიზაცია სახელმწიფოს ხელში არსებული აქტივების განკერძოებას გულისხმობს. არსებული აქტივების განკერძოება და ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაბმა მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული პრივატიზაციის სხვადასხვა ეტაპი მიმდინარეობდა, საქართველოში კერძო საკუთრების დამკვიდრების კუთხით გამოწვევები კვლავ არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არსებული რესურსების დიდი ნაწილი კვლავ სახელმწიფოს ბალანსზეა. კვლევებიდან ირკვევა, რომ საქართველოში ჯამში  2 178,4 ათასი ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა არსებობს. უშუალოდ ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოცემული ინფორმაცია 2021 წლის მაჩვენებლებს წარმოადგენს. აქედან დაახლოებით 55-57% კვლავ სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს. სახელმწიფოს მთლიან საკუთრებაში აქვს ასევე სასარგებლო წიაღისეული, ტყის რესურსი, წყლის რესურსი, ნავთობისა და გაზის საბადოები, ასევე სახელმწიფო საწარმოები, მათ შორის, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ფოსტა,სახელმწიფო ელექტროსისტემა და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში, დღეს ჩვენი ეკონომიკა თავისი პოტენციალის დაახლოებით 30%-ს იყენებს, ხოლო ზემოთ ჩამოთვლილი აქტივები უბრალოდ გამოთიშულია ეკონომიკური აქტივობიდან და მოსახლეობა ვერ სარგებლობს. არსებული პრობლემის მოსაგვარებლად და ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის, საჭიროა პრივატიზაციის ისეთი მოდელის შემუშავება, რომელიც ქვეყნის სოციალური ფონის ადეკვატური იქნება. ასეთი მოდელი კი „უფასო პრივატიზაციაა“, რომელიც სპეციალური საინვესტიციო ფულის საშუალებითაა შესაძლებელი რომ განხორციელდეს. მარტივად რომ ვთქვათ, უნდა შეიქმნას სპეციალური საპრივატიზაციო ფული „ინვესტი“, რომელსაც ყოველთვიურად მიიღებს ყველა რეზიდენტი 1 000 ერთეულის სახით. საპრივატიზაციო ფულის საშუალებით კი შესაძლებლობა გაჩნდება, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე იყოს თანაბარ სასტარტო პირობებში პრივატიზაციის პროცესის მიმდინარეობისას. რაც შეეხება უშუალოდ პრივატიზაციის პროცესს. შესაძლებელია, რომ გარკვეული აქტივები აუქციონის სახით გამოვიდეს როგორც აქციებად, ისე ლოტებად.

ენერგეტიკული პოტენციალის ათვისება - ჰესების მშენებლობა აუცილებელია

მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს ენერგეტიკულ სექტორშიც. სამწუხაროდ, დღესდღეობით საქართველო თავისი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის მხოლოდ 22%-ს იყენებს, რაც, რა საკვირველია, საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ამ ყველაფრის მიზეზი კი ხშირ შემთხვევაში ისაა, რომ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობაში საკმაოდ ბევრი არასწორი შეხედულებები ჩამოყალიბდა, რამაც მსხვილი პროექტების განხორციელებას(მაგ:ნესკრა, ხუდონი, ნამახვანი) ხელი შეუშალა. საქართველოს ეკონომიკას ენერგეტიკული პოტენციალის სწრაფად ათვისება მნიშვნელოვან სარგებელს ორი მიმართულებით მოუტანს. ერთი ისაა, რომ ქვეყანა ენერგოდამოუკიდებელი იქნება, რაც ფასების სტაბილურობას და გაზრდილ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ნიშნავს.  მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ისაა, რომ ჭარბი ენერგია შეგვიძლია ექსპორტზე გავიტანოთ, რაც ქვეყნის შემოსავლების მნიშვნელოვნად გაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს. სხვა რომ ყველაფერს თავი დავანებოთ ენერგეტიკული პოტენციალის 22%-იანმა ათვისებამ საშუალება მოგვცა, რომ წელს 9 თვეში უცხოეთში რეკორდულად დიდი მოცულობის 103 მლნ აშშ დოლარის ელექტროენერგია გაგვეყიდა. ახლა წარმოიდგინეთ როგორი იქნებოდა სურათი თუ ჩვენი პოტენციალის უფრო დიდ ფართობებს ავითვისებთ. ელექტროენერგიის გენერაციის კიდევ უფრო მეტად გასაზრდელად ცხადია, საჭიროა, როგორც მზის, ისე ქარის ენერგიის შესაბამისი ინფრასტრუქტურის დანერგვა, მაგრამ მხოლოდ ეს ორი ასპექტი ვერ მოგვცემს საშუალებას, რომ ენერგიის წარმოება სწრაფად გავზარდოთ. ამისთვის აუცილებელია, რომ ჰესების მშენებლობა მაქსიმალურად სწრაფი ტემპით განვახორციელოთ, ეს იქნება როგორც მცირე, ისე საშუალო და დიდი მოცულობის ჰესების შემთხვევაში. თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას, რომ დღესდღეობით ჩვენი გენერირებული ენერგიის დაახლოებით 80% სწორედ ჰესებზე მოდის, რაც კიდევ უფრო მეტად ადასტურებს მის მნიშვნელობას ჩვენი, თითოეული ადამიანის სოციალურ უსაფრთხოებაზე.

საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის ათვისება - შუადერეფნის პოტენციალი

ისტორიულად საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ეკონომიკურად სტრატეგიული მდებარეობა, რადგან ჩვენი სახით ხდებოდა დაკავშირება ევროპისა და აზიის ბაზრის. მაგალითად, დავით აღმაშნებელი ალბათ ერთ-ერთი პირველი ქართველია, ვინც ეს პოტენციალი დაინახა და ტვირთების გატარებისთვის შესაბამისად საკომისიოსაც აღებინებდა, როგორც ევროპიდან, ისე აზიიდან მომავალ სავაჭრო ქარავნებს. საუკუნეები გავიდა, თუმცა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა კვლავ აქტუალურია. არსებული გეოპოლიტიკური გადათამაშების ფონზე საქართველოს უჩნდება პოტენციალი, გახდეს სატრანზიტო ჰაბი. თავისი სტრატეგიული მდებარეობით ის გვევლინება ევროპისა და აზიის შემაერთებელ კარიბჭედ, რომელიც ტრანსპორტირების დროს დანახარჯს შეამცირებს. საქართველოზე, როგორც სატრანსპორტო დერეფანზე, მოთხოვნის გაზრდა განაპირობა ცივილიზებული სამყაროს მხრიდან აგრესორისთვის სანქციების დაწესებამ.  ჩვენს ქვეყანას გააჩნია საზღვაო პორტები, აეროპორტები და რკინიგზა, ქვეყანა გვევლინება აბრეშუმის გზის მთავარი ლოგისტიკური ცენტრის როლში. ამ ეტაპზე საქართველოში არის შავი ზღვის 2 პორტი, კერძოდ, ფოთის და ბათუმის. პორტები ევროპასთან პირდაპირ წვდომას გვაძლევს, ხოლო ქვეყნის შიდა სარკინიგზო კავშირები საზღვაო ტრანსპორტის ალტერნატივას გვთავაზობს ცენტრალური აზიისა და ჩინეთისკენ მიმავალი ტვირთისთვის.  თუმცა, მიუხედავად არსებული შესაძლებლობებისა, ქვეყანაში მაინც არსებობს გამოწვევები, რაც უფრო მეტად ლოგისტიკის გამართულად უზრუნველყოფის კუთხით არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს.

პორტებთან და რკინიგზასთან ერთად, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი არნახულ შესაძლებლობას უქმნის საქართველოს პირდაპირ ხაზით დაუკავშირდეს ევროპას. აღნიშნული პროექტი საქართველოს რუმინეთის ენერგეტიკულ ქსელთან დააკავშირებს. წყალქვეშა კაბელის საშუალებით ჩვენი ქვეყანა შეძლებს ევროპაში აზერბაიჯანში გამომუშავებული ელექტროენერგიის ტრანზიტი მოახდინოს, მაგრამ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყანას განახლებადი ენერგიის რესურსის ათვისების შემთხვევაში ექნება შანსი ჭარბი ელექტროენერგია ევროპაში გაიტანოს ექსპორტზე. მწვანე, განახლებად ენერგიაზე მოთხოვნა ევროპაში ძალიან მაღალია და შესაბამისად მაღალია ასეთი ელექტროენერგიის ფასიც. ბუნებრივია, წყალქვეშა კაბელის საშუალებით როგორც ელექტროენერგიის ტრანზიტი, ისე ელ.ენერგიის ექსპორტი საქართველოს ძალიან დიდ ფინანსურ შემოსავალს და ეკონომიკურ წინსვლას ჰპირდება.

იმ შემთხვევაში თუ ქვეყანამ ვერ აითვისა არსებული პოტენციალი, მაშინ მოცემული ტვირთები ალტერნატიული გზების მოძიებას დაიწყებენ, რაც საქართველოს პოტენციურად მაღალი ეკონომიკური ეფექტის გარეშე ტოვებს. აღნიშნული ერთგვარი საფრთხის პრევენციის მიზნით კი, საჭიროა, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრა, რაც თავის არსში გულისხმობს ქვეყანაში არსებული აქტივების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაშვებას. ეს გვაძლევს შესაძლებლობას საქართველოში განვითარდეს საფონდო ბირჟა, რომელიც უცხოელ ინვესტორებს მოიზიდავს. ცხადია გვერდს ვერ ავუვლით ანაკლიის პორტის მნიშვნელობასაც, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოდან ტვირთების გამტარუნარიანობას. გარდა ამისა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ქვეყანაში არსებული მუშახელის გადამზადება, რათა მათი კვალიფიკაცია იყოს იმ დონეზე, რომ სამუშაო პროცესი არ შეფერხდეს და ინვესტორებს დამატებითი პრობლემები არ გაუჩნდეთ.