„ბიჯო... ბიჯო... ბიჯოოო... ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს - ემოციები პოლიტიკაში ცუდი მოკავშირეა.
თქვენი ქონება და კარიერა არ დევს მხოლოდ სასწორზე. ქვეყნის მომავალი დევს.
ოპოზიციის მგზნებარება და გამოცოცხლება ნაადრევია. მათაც სერიოზულად დააზარალებს ამ უპერსპექტივო ამბოხების მცდელობის შედეგი.
ბატონო ირაკლი ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze ! გაიწვიეთ უკან გადაწყვეტილება!
დღესვე! ამ საღამოსვე! დანარჩენზე მერე ვიმსჯელოთ“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე წერს.
„განსაკუთრებულია ოპოზიციის სამოქმედო გეზის მნიშვნელობა. იქნება, ან ჩიხი, ან ყველა ერთად გავაგრძელებთ სვლას უკეთესი მომავლისკენ და ევროპისკენ.
ამიტომ, გადადგით მოზომილი და კარგად გათვლილი ნაბიჯები.
ამის ალტერნატივა ერთია - გადატრიალება და რევოლუციური სცენარი.
აიტანს კი ეს ქვეყანა კიდევ ერთ გადატრიალებას (რევოლუციას)? - არა მგონია.
თუ რევოლუციური სცენარი, - მაშინ ჰა ბურთი, ჰა მოედანი...
რაც აქამდე ვნახეთ, ის არ გამოდგება საზოგადოების იმაში დასარწმუნებლად, რომ ოპოზიციას დღევანდელი ხელისუფლების დამხობა შეუძლია, დასავლეთიდან რაგინდარა მხარდაჭერის მიუხედავად...
ჩვენ, აზერბაიჯანივით, თავზე ხელს არავინ გადაგვისვამს. აზერბაიჯანს დიდი ნავთობი და გაზი აქვს, ძლიერი მოკავშირე ჰყავს თურქეთის სახით და სიტუაციური მოკავშირე რუსეთის სახით, რომელმაც სულ ახლახანს სომხეთთან საუკუნოვანი სტრატეგიული პარტნიორობა არად ჩააგდო და ყარაბაღი აზერბაიჯანს დაუბრუნა...
ჩვენ არაჩვეულებრივი სტრატეგიული მდებარეობა გვაქვს, მაგრამ არც ისეთი, რომ ამ დიდი და ჩვენზე გამავალი მაგისტრალის გამო, ნებისმიერი თავნებობა გვეპატიოს. რა თქმა უნდა, პრინციპული პოზიცია და ღირსებით ევროპისკენ სვლა მართებული დევიზია, მაგრამ იმდენი არ უღირს ტრადიციულ ევრობიუროკრატიას, რომ დემარშები შეგვარჩინოს. ევროკავშირი საბჭოთა კავშირი არ არის, სადაც ხრუშჩოვმა ჯერ დაგვსაჯა და მერე ბევრ რამეზე თვალი დახუჭა მანაც და მისმა მემკვიდრეებმაც, ქართველების გული რომ მოეგო, რის გამოც თითქოსდა საბჭოეთში პრივილეგირებული პოზიციები გვქონდა...
ვითარება, როგორც ევროპელ პოლიტიკოსებს უყვართ თქმა, შემაშფოთებელია.
მე არაფერი დამრჩენია, როგორც ამ ქვეყნის ერთ მოქალაქეს და გულშემატკივარს, ორივე მხარეს მივმართო:
გონს მოვეგოთ!!!
მინაწერი: ძველ საბერძნეთში, ბრძენი სოლონი იმას ვინც დაპირისპირების დროს ერთ-ერთ მხარეს არ დაიჭერდა, სერიოზულ ჯარიმას აკისრებდა. არ მინდა სოლონის სიბრძნეს გადავუხვიო, მაგრამ ამჯერად არც ერთ მხარეს არ დავდგები და ნურავის, ჩემი ფეისბუქ მეგობრებიდან, ნუ მეგეჩვენებათ, რომ მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას თავს ვარიდებ. უბრალოდ, ვითარებაა რთული და მთავარს ვუფრთხი - არ მინდა პოზიცია-ოპოზიციის გრანდიოზული შეცდომების გამო ხალხი დაისაჯოს...“ – წერს ვაჟა ბერიძე.