ონკოლოგიაში რადიოლოგია დღეს უკვე მხოლოდ დიაგნოსტიკის ინსტრუმენტი აღარ არის - ის პაციენტის მართვის მთელ გზას განსაზღვრავს: სიმსივნის ადრეული აღმოჩენიდან, ზუსტი სტადირების გავლით, მკურნალობის დაგეგმვასა და შედეგების მუდმივ კონტროლამდე.
თანამედროვე კვლევები, როგორიცაა CT, MRI და PET, ექიმებს საშუალებას აძლევს დაავადება აღმოაჩინონ ჯერ კიდევ უსიმპტომო ეტაპზე, შეაფასონ მისი გავრცელება და ინდივიდუალურად შეარჩიონ თერაპია, რაც პირდაპირ აისახება პაციენტის ცხოვრების ხარისხზე.
მაგალითისთვის, ,,ნიუ ჰოსპიტალსის’’ ექიმი რადიოლოგის, ნათია კბილაშვილის ინფორმაცით, ადრეულ სტადიაზე ძუძუს კიბოს აღმოჩენის დროს გადარჩენის შანსი დაახლოებით 90-95%-ია, როცა გვიან სტადიაზე აღმოჩენისას - 20-30%.
რადიოლოგის თქმით, მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური კვლევების (სკრინინგის) ჩატარება, რადგან მსგავსი მიდგომა, სერიოზულ დაავადებებს განვითარებას ადრეულ ეტაპზევე ადგენს, რაც თავის მხრივ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების გარანტიაა.
„კომერსანტი“,,ნიუ ჰოსპიტალსის’’ რადიოლოგ ნათია კბილაშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს უცვლელი ფორმით გთავაზობთ.
- რა როლი აქვს დღეს რადიოლოგიას ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკაში?
რადიოლოგია წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სფეროს ონკოლოგიაში, რადგან იგი უზრუნველყოფს სიმსივნური დაავადებების დროულ აღმოჩენას, ზუსტ შეფასებას და მკურნალობის მონიტორინგს. რადიოლოგიური კვლევები ხშირად საშუალებას იძლევა სიმსივნე გამოვლინდეს ჯერ კიდევ სიმპტომების გაჩენამდე. იგი ეხმარება ექიმს განსაზღვროს წარმონაქმნის ზომა, ფორმა და ლოკალიზაცია. რადიოლოგიური მეთოდების (მაგ. ულტრაბგერა ან კომპიტერული ტომოგრაფია) კონტროლით ექიმები ზუსტად მიმართავენ ნემსს საეჭვო უბანში ბიოფსიისთვის, რაც ზრდის დიაგნოზის სიზუსტეს. რადიოლოგია გამოიყენება იმის დასადგენად, რამდენად გავრცელდა სიმსივნე ორგანიზმში, ეს კრიტიკულია მკურნალობის სწორად დაგეგმისთვის. მკურნალობის მონიტორინგიც რადიოლოგიური მეთოდების საშუალებით ხდება. ქიმიოთერაპიის, რადიოთერაპიის ან ქირურგიის შემდეგ რადიოლოგიური კვლევები აფასებს მკურნალობის შედეგებს. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ რადიოლოგია არა მხოლოდ დიაგნოსტიკის, არამედ მთელი ონკოლოგიური მართვის პროცესის საფუძველია - დაწყებული ადრეული გამოვლენიდან, დამთავრებული მკურნალობის შედეგების შეფასებით.
- რამდენად მნიშვნელოვანია სიმსივნის ადრეული აღმოჩენა და როგორ ეხმარება ამ პროცესს თანამედროვე რადიოლოგიური კვლევები?
სიმსივნის ადრეული აღმოჩენა ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორია ონკოლოგიაში, რადგან ის პირდაპირ გავლენას ახდენს პაციენტის გადარჩენაზე, მკურნალობის ეფექტურიბაზე და ცხოვრების ხარისხზე. მეცნიერული მონაცემები აჩვენებს, რომ ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი კიბოს შემთხვევაში გადარჩენის მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე გვიან სტადიაზე, მაგ. ადრეულ სტადიაზე ძუძუს კიბოს აღმოჩენის დროს გადარჩენის შანსი დაახლოებით 90-95%-ია, როცა გვიან სტადიაზე აღმოჩენისას - 20-30%. კოლორექტალური კიბოს შემთხვევაში, ადრეულ სტადიაზე აღმოჩენისას გადარჩენის შანსი 90%-ია, ხოლო გვიანი დიაგნოზისას - 10-15%. ადრეულ ეტაპზე სიმსივნე ხშირად ლოკალიზებულია, არ არის გავრცელებული და ამიტომ შესაძლებელია სრულად განკურნება, გამოიყენება ნაკლებად აგრესიული თერაპია, რომელსაც ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვს. ადრეული დიაგნოზი ხშირად ნიშნავს ნაკლებ ინვაზიურ ჩარევებს და უკეთეს ყოველდღიურ ფუნქციონირებას. თანამედროვე რადიოლოგიური ტექნოლოგიები ამ პროცესის საფუძველია. სკრინინგული კვლევები (მამოგრაფია, დაბალდოზიანი CT, MRI მაღალი რისკის პაციენტებში) საშუალებას იძლევა კიბო გამოვლინდეს მანამდე, სანამ რაიმე სიმპტომი გაჩნდება. თანამედროვე მეთოდები (CT, MRI, PET) აფიქსირებენ ძალიან მცირე ზომის წარმონაქმნებს, განსაზღვრავენ ქსოვილების სტრუქტურას და ცვლილებებს ადრეულ ეტაპზე.
- კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია ხშირად გვესმის, მაგრამ მაყურებლისთვის მარტივად რომ ავხსნათ- რა არის ამ კვლევებს შორის მთავარი განსხვავება და როდის გამოიყენება თითოეული ონკოლოგიაში?
კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) ორივე თანამედროვე დიაგნოსტიკური კვლევაა, მაგრამ მუშაობის პრინციპი და გამოყენების სფეროები განსხვავებულია. კომპიუტერული ტომოგრაფია იყენებს რენტგენის სხივებს, ქმნის სხეულის „ ნაჭრებად“ გამოსახულებებს და ძალიან სწრაფია. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია იყენებს ძლიერ მაგნიტურ ველს და რადიოტალღებს, იძლევა უფრო დეტალურ გამოსახულებას რბილი ქსოვილებისთვის და შედარებით უფრო ხანგრძლივი პროცესია. CT ხშირად გამოიყენება როცა საჭიროა ძვლების დაზიანების შეფასება, თავის ტვინში სისხლჩაქცევის სწრაფი გამოვლენა, ფილტვების პრობლემების დროს, გადაუდებელი მდგომარეობების შემთხვევაში და ა. შ. MRI უფრო ეფექტურია ტვინისა და ნერვული სისტემის დეტალური კვლევისთვის. სახსრების, მყესების, კუნთების შეფასებისთვის. სიმსივნეების უფრო ზუსტი ვიზუალიზაციისთვის, ხერხემლის დისკების პრობლემების დროს და ა.შ. ონკოლოგიაში ხშირად ამ ორი კვლევის კომბინაციაა საჭირო, CT გამოიყენება სხეულის ფართო სკანირებისთვის, სიმსივნის სტადირებისთვის, ხოლო MRI განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნის ზუსტი საზღვრების და ლოკალური გავრცელების, მიმდებარე ქსოვილებთან ურთიერთობის, შეფასებისთვის.
- რამდენად შეუძლია რადიოლოგიურ კვლევებს სიმსივნის გავრცელების შეფასება
რადიოლოგიური კვლევები წარმოადგენს სტადირების „ბირთვს“ თანამედროვე ონკოლოგიაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სიმსივნის გავრცელების შეფასებისა და მისი სტადიის განსაზღვრისთვის. პრაქტიკულად, თანამედროვე ონკოლოგიაში სტადირება (staging) დიდწილად სწორედ რადიოლოგიაზეა დამოკიდებული. რადიოლოგიური მეთოდები საშუალებას იძლევა შეფასდეს პირველადი სიმსივნის ზომა და ლოკალური გავრცელება, ლიმფური კვანძების დაზიანება და შორეული მეტასტაზების არსებობა. CT და MRI უზრუნველყოფენ მაღალ სიზუსტეს (80-95%) ლოკალური და რეგიონული გავრცელების შეფასებაში. კომპიუტერული ტომოგრაფია ძალიან კარგია საერთო სტადირებისთვის, მაშინ როდესაც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია განსაკუთრებით ზუსტია რბილი ქსოვილების შეფასებისთვის, იდეალურია ლოკალური გავრცელების დეტალური განსაზღვრისთვის. პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (PET/CT) აჩვენებს არა მხოლოდ სტრუქტურას, არამედ მეტაბოლურ აქტივობას, ამოიცნობს „დამალულ“ მეტასტაზებს. რადიოლოგიის მთავარი უპირატესობა არის არაინვაზიურობა, მთელი სხეულის შეფასების შესაძლებლობა, მკურნალობის დაგეგმვის საფუძველი და მკურნალობის ეფექტის მონიტორინგი. თუმცა მას შეზღუდვებიც აქვს, მაგ. მიკროსკოპული მეტასტაზები შეიძლება ვერ გამოვლინდეს. ლიმფური კვანძის გადიდება ყოველთვის არ ნიშნავს კიბოს, ზოგჯერ საჭიროა ბიოფსია საბოლოო დიაგნოზისთვის.
- რა როლი აქვს რადიოლოგიას უკვე დიაგნოზის დასმის შემდეგ-მაგალითად მკურნალობის დაგეგმვასა და პროცესის მონიტორინგში?
რადიოლოგია დიაგნოზის დასმის შემდეგაც რჩება ცენტრალურ ინსტრუმენტად ონკოლოგიაში, რადგან იგი უშუალოდ განსაზღვრავს მკურნალობის ტაქტიკას და აკონტროლებს მის ეფექტურობას მთელი პროცესის განმავლობაში. რადიოლოგიური კვლევები ეხმარება ექიმებს სწორად აირჩიონ მკურნალობის სტრატეგია, ადგენს შესაძლებელია თუ არა სიმსივნის სრულად ამოკვეთა და რამოცულობის ოპერაციაა საჭირო. რადიოლოგიური გამოსახულებები გამოიყენება დასხივების ზონის ზუსტად განსასაზღვრად, რათა მაქსიმალურად დაზიანდეს სიმსივნე და მინიმალურად - ჯანმრთელი ქსოვილი. სიმსივნის სტადიისა და გავრცელების მიხედვით განისაზღვრება ასევე მედიკამენტური მკურნალობის ტიპი. ანუ, რადიოლოგია ქმნის „რუკას“ , რომლის მიხედვითაც იგეგმება მკურნალობა. რადიოლოგია მხოლოდ დიაგნოსტიკა არ არის - იგი თავადაც შეიძლება იყოს მკურნალობის ნაწილი: სიმსივნის აბლაცია (სითბოთი ან სიცივით განადგურება), სისხლძარღვების ემბოლიზაცია (სიმსივნის „შიმშილობა“), დრენაჟები და სხვა მინიმალურად ინვაზიური ჩარევები. ეს მეთოდები ხშირად გამოიყენება მაშინ როცა ქირურგია რთული ან შეუძლებელია. მკურნალობის პროცესში რადიოლოგია პერიოდულად აფასებს სიმსივნის შემცირებას ან გაქრობას, სტაბილურობას (სიმსივნე არ იზრდება), პროგრესირებას (სიმსივნე იზრდება ან ვრცელდება). ამისთვის გამოიყენება სტანდარტიზებული კრიტერიუმები, როგორიცაა RECIST criteria. ეს მონაცემები განსაზღვრავს , გაგრძელდეს თუ შეიცვალოს მკურნალობა. მკურნალობის დასრულების შემდეგაც რეგულარული CT/MRI/PET ამოწმებს, ხომ არ დაბრუნდა დაავადება, ხდება ახალი მეტასტაზების აღმოჩენა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტის გრძელვადიანი გადარჩენისთვის. ანუ დიაგნოზის შემდეგ რადიოლოგია ხდება მართვის მთავარი ინსტრუმენტი - ის არა მხოლოდ აჩვენებს სად არის სიმსივნე, არამედ პასუხობს კითხვებს: როგორ ვუმკურნალოთ? მუშაობს თუ არა მკურნალობა? ხომ არ დაბრუნდა დაავადება? ამგვარად, რადიოლოგია უზრუნველყოფს უწყვეტ კონტროლს და საშუალებას აძლევს ექიმებს მიიღონ სწრაფი და ზუსტი კლინიკური გადაწყვეტილება.
- ხშირად პაციენტებს აშინებთ CT კვლევის დროს გამოსხივება. რამდენად უსაფრთხოა ეს პროცედურა და რაუნდაიცოდნენ პაციენტებმა?
ბევრ პაციენტს მართლაც აშინებს კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), რადგან იგი დაკავშირებულია რენტგენულ გამოსხივებასთან. თუმცა რეალურად, თანამედროვე მედიცინაშიეს კვლევა ითვლებაკონტროლირებად და უმეტეს შემთხვევაში უსაფრთხო პროცედურად, განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი სწორად არის დანიშნული. CT იყენებს იონიზირებელ გამოსხივებას, რაც თეორიულად შეიძლება ზრდიდეს კიბოს განვითარების რისკს. თუმცა ერთჯერადი CT კვლევის რისკი ძალიან დაბალია, მიღებული დოზა ჩვეულებრივ შედარებულია რამდენიმე წლის ბუნებრივ გამოსხივებასთან და პრაქტიკაში სარგებელი თითქმის ყოველთვის აჭარბებს რისკს, განსაკუთრებით ონკოლოგიაში, სადაც სწორი დიაგნოზი და მონიტორინგი სიცოცხლესაც კი გადაარჩენს. CT-ის გარეშე ხშირად შეუძლებელია სიმსივნის ზუსტი ლოკალიზაციის დადგენა, გავრცელების შეფასება და მკურნალობის დაგეგმვა. ანუ ექიმი ნიშნავს CT-ს მაშინ, როცა მიღებული ინფორმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თანაც თანამედროვე აპარატები იყენებენ დაბალი დოზის პროტოკოლებს, ავტომატურ დოზის რეგულაციას და უფრო სწრაფ სკანირებას. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ამცირებს გამოსხივებას, წარსულთან შედარებით. უნდა გავითვალისწინოთ რომ ბავშვები უფრო მგრძნობიარენი არიან გამოსხივების მიმართ. ორსულებში CT ტარდება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში ექიმები ირჩევენ ალტერნატივებს, მაგ. MRI ან ულტრაბგერა. CT არის დაბალი რისკის მქონე, მაგრამ მაღალი სარგებლის პროცედურა. მისი შიში ხშირად გადაჭარბებულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი გამოიყენება სწორად და მიზნობრივად.
- დაბოლოს, რა რჩევას მისცემდით მაყურებელს-როდის არის მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება?
პროფილაქტიკური კვლევები (სკრინინგი) არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა სერიოზული დაავადებების ადრეული აღმოჩენისთვის. სწორ დროს ჩატარებული კვლევა ხშირად ნიშნავს დაავადების თავიდან აცილებას ან სრულ განკურნებას. ასაკი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, ასაკთან ერთად რისკი იზრდება, ამიტომ კვლევებიც რეგულარული უნდა გახდეს. დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახურ ისტორიას, თუ დატვირთული ანამნეზი გაქვთ სკრინინგი უნდა დაიწყოთ უფრო ადრე, ვიდრე ზოგად პოპულაციაში. მნიშვნელოვანია ასევე რისკ-ფაქტორების არსებობა: მაგ. მოწევა, ჭარბი წონა, არაჯანსაღი კვება და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ხშირი კონტროლი. უნდა გვახსოვდეს რომ სკრინინგი ინდივიდუალურია - არ არსებობს „ერთი ყველასთვის“ გეგმა, ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია სწორი ინტერვალების განსასაზღვრად, ზედმეტი კვლევებიც არ არის სასურველი - საჭიროა ბალანსი. იფიქრეთ სკრინინგზე როგორც ინვესტიციაზე თქვენს ჯანმრთელობაში - მცირე დროში ჩატარებული კვლევა შეიძლება დიდი პრობლემის თავიდან აცილება იყოს.