„იშემიური ინსულტის შემთხვევაში, თუ პაციენტის პოსპიტალიზაცია მოხდა დროულად და აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მკურნალობა მოიცავს თრომბოლიზისს ან თრომბექტომიას“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ „ნიუჰოსპიტალსის“ ნევროლოგმა თამარ შენგელია განაცხადა.

მისი თქმით, იშემიური ინსულტის ძირითადი გამომწვევი მიზეზებია არტერიის ათეროთრომბოზული ოკლუზია, ემბოლია და .შ, რაც საბოლოო ჯამში იწვევს მის  დახშობას და შემდეგ უკვე თავის ტვინის შესაბამისი უბნის სისხლმომარაგების მოშლას/დარღვევას.

„კომერსანტი“ თამარ შენგელიას ინსულტზე და მის გამომწვევ მიზეზებზე ესაუბრა.

  • რა არის ინსულტი და რა ტიპის ინსულტები არსებობს? 
  • ინსულტი არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ხდება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა. სისხლმომარაგების შეწყვეტისას ტვინი ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების გარეშე რჩება, რაც უჯრედების სიკვდილს იწვევს.

არსებობს ორი ტიპის ინსულტი, იშემიური და ჰემორაგიული. იშემიური ინსულტის დროს ტვინის კონკრეტულ უბანს არ მიეწოდება სისხლი, ხოლო ჰემორაგიული ინსულტის დროს ხდება ტვინის პარენქიმაში სისხლძარღვის დაზიანებასთან დაკავშირებული სისხლჩაქცევა, უმეტესად მაღალი წნევით განპირობებული. იშემიური ტიპის ინსულტები უფრო ხშირად გვხვდება პრაქტიკაში, პროცენტულად 85% - 15%.

  • რა სიმპტომები ახასიათებს ინსულტს?
  • ინსულტის სიმპტომები დაკავშირებულია დაზიანებული უბნის ლოკალიზაციასთან და და მისი სიმძიმე უშუალოდ დაზიანების ხარისხთან. აქ გასათვალისწინებელია თუ რომელი სისხლძარღვია დახშული, შესაბამისად ტვინში ზუსტად რა ნაწილის სისხლმომარაგებაა შეწყვეტილი. აქედან გამომდინარეობს უკვე პაციენტის ჩივილებიც და სიმპტომოკომპლექსიც. ეს შეიძლება იყოს  სახის ასიმეტრია, სისუსტე კიდურებში, მეტყველების გაძნელება, მხედველების გაუარესება, წონასწორობის დარღვევა, მხედველობის გამოსახულების გაორება და ა.შ.

  • რა არის გარდამავალი იშემიური შეტევა ?
  • გარდამავალი იშემიური შეტევა არის ტვინის კეროვანი იშემია, რომელიც იწვევს უეცარ, მაგრამ გარდამავალ და არა პერმანენტულ ნევროლოგიურ დეფიციტს. იგი ჰგავს იშემიურ ინსულტს მაგრამ მისგან განსხვავებით ნევროლოგიური დეფიციტი დაახლოებით 1 საათამდე დროში ხშირად 5-15 წუთამდე პერიოდშიც კი გადის პაციენტებში. ეს პროცესი მომავალში შეიძლება ასოცირებული იყოს ინსულტის განვითარებასთან ასე რომ მსგავსი შემთხვევა პაციენტის ისტორიაში კლინიკურად ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა მისი გარდამავლობის მიუხედავად.

  • რა იწვევს იშემიურ ინსულტს?
  • იშემიური ინსულტის ძირითადი გამომწვევი მიზეზებია არტერიის ათეროთრომბოზული ოკლუზია, ემბოლია და ა.შ რაც საბოლოო ჯამში იწვევს მის დახშობას და შემდეგ უკვე თავის ტვინის შესაბამისი უბნის სისხლმომარაგების მოშლას/დარღვევას.

რაც შეეხება რისკ ფაქტორებს, ესენია ჰიპერტენზია, თამბაქოს მოხმარება, დისლიპიდემია, დიაბეტი, სიმსუქნე და კარდიოვასკულარული დაავადებები, მაგალითად არითმიები.

  • როგორ ხდება ინსულტის ამოცნობა -  რა არის მისი დამახასიათებელი კლინიკური სურათი ?
  • თუ პაციენტს აღენიშნება თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სახის ასიმეტრია, სისუსტე კიდურებში, მეტყველების გაძნელება, მხედველების გაუარესება, წონასწორობის დარღვევა, მხედველობის გამოსახულების გაორება, გახდა დეზორიენტირებული და არაადეკვატური უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით და მივმართოთ სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას, რომელიც პაციენტის ჰოსპიტალიზებას მოახდენს უახლოეს ინსულტის ცენტრში. რადგმა ინსულტის მართვისას მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დრო, თუ რამდენად სწრაფად მოხდება მასზე რეაგირება. 

  • რას მოიცავს ინსულტის მკურნალობა და როგორია მიდგომა ნიუ ჰოსპიტალსში?
  • ინსულტის მკურნალობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკა, თუ რა ტიპის ინსულტთან გვაქვს საქმე, რომ დავიწყოთ შესაბამისი მკურნალობა. დიაგნოსტიკა ხდება მაღალტექნოლოგიური კვლევებით, როგორიცაა თავის ტვინის CT და MRT.

ნიუ ჰოსპიტალში ინსულტის მკურნალობა მიმდინარეობს საერთაშორისო გაიდლაინებსა და პროტოკოლებზე დაყრდნობით.  იშემიური ინსულტის შემთხვევაში, თუ პაციენტის პოსპიტალიზაცია მოხდა დროულად და აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მკურნალობა მოიცავს თრომბოლიზისს (თრომბის დამშლელი მედიკამენტის ინტრავენურ შეყვანას), ან თრომბექტომიას (თრომბის მექანიკურ ექსტრაქციას). რაც შეეხება ჰემორაგიულ ინსულტს, გააჩნია სისხლის რა მოცულობაა ჩაღვრილი თავის ტვინში, შესაძლებელია იყოს საჭიროება ოპერაციული ჩარევის.