„მახსოვს, მანქანიდან გადმოვედი, მკვეთრი დამუხრუჭების საზარელი ხმა გავიგონე და წარმოუდგენელი ტკივილი ვიგრძენი...“ - გვიყვება თეო, 29 წლის ახალგაზრდა პაციენტი და ავტოსაგზაო შემთხვევას ფრაგმენტულად იხსენებს.


გონს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში მოეგო. როდესაც თვალი გაახილა, შოკურ მდგომარეობაში იყო: ექიმები მის სასიცოცხლო მონაცემებს ამოწმებდნენ და სასწრაფო ოპერაციისთვის ამზადებდნენ.


ახალგაზრდა გოგონას სახის ბუნებრივი ფორმების აღქმა შეუძლებელი იყო. პაციენტს აღენიშნებოდა ძლიერი სისხლდენა პირისა და ცხვირის ღრუდან. ასევე - სახის დეფორმაცია და მრავლობითი ჭრილობა, საიდანაც სახის ძვლების მოტეხილი ფრაგმენტები ჩანდა. მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო.

პაციენტის სპეციალიზებული მართვა ყბა-სახის ქირურგებმა, ბექა ქორიძემ და ბექა ხაჭაპურიძემ გადაუდებელ რეჟიმში დაიწყეს. ჩატარდა ყბა-სახის ურთულესი რეკონსტრუქციული ოპერაცია, რომელიც უწყვეტად, დაახლოებით, 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.


ავტოსაგზაო შემთხვევიდან 6 თვის განმავლობაში თეოს სულ 3 ოპერაცია ჩაუტარდა, მათ შორის - ოსტეოპლასტიკური და ესთეტიკური ტიპის. შედეგად, დღეს მას სრულად აქვს აღდგენილი როგორც სახის ბუნებრივი ფორმა, ასევე - ყველა შესაბამისი ფუნქცია. ახალგაზრდა გოგონა უკვე სრულფასოვან ცხოვრებას განაგრძობს.