ყაზბეგის განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ), რომელიც 2022 წელს უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე არ არის მიღებული.
როგორც „კომერსანტს“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, საკრებულოს მიერ კონცეფცია უკვე დამტკიცებულია, თუმცა „ბევრი ხელისშემშლელი წვრილმანი იყო“ რომელმაც დოკუმენტზე მუშაობა შეაფერხა.
„სტეფანწმინდისა და გერგეტის განაშენიანების კონცეფცია უკვე დამტკიცებულია, მაგრამ საბოლოო დოკუმენტი ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული - ბევრი ხელისშემშლელი წვრილმანი იყო.
ჩემი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე კერძო და საჯარო ინტერესების შეჯერება გაჭირდა, მოსახლეობის ნაწილს სამშენებლო ტერიტორიებზე მიწის ნაკვეთები ჰქონდათ; არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარევამაც დაგვაკარგინა დრო“,- აღნიშნა სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ჯემალ სუჯაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, დოკუმენტზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო და ის 2022 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ „ჯერ კოვიდი იყო, მერე არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთნენ და გაგვეწელა, ვერ შევჯერდით საბოლოოდ“.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის და მასში შემავალი თემების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის დამუშავება გულისხმობს რეგიონალური და ეროვნული ეკონომიკის სექტორების სხვადასხვა მიდგომებს შორის საერთო და მდგრადი წონასწორობის პოვნის საჭიროებას, მუნიციპალური, თემური და სოფლის სივრცეების რაციონალურ დაგეგმვას და გამოყენებას, ტერიტორიების მდგრადი განვითარების მიზნით. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებული უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტებისა და ეთნო-კულტურის შენარჩუნებას, მუნიციპალიტეტის სამომავლო მდგრად და ჰარმონიულ ეკონომიკურ განვითარებას მუნიციპალიტეტში მატერიალური დოვლათის შექმნის გზით და ამ კუთხით, მსოფლიოში ცნობადობის მოპოვებას“.