სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ „ვი არ შეკვეთილი რესორტის“ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმა [გდგ] დაამტკიცა. კომპანიის საკუთრებაში არსებული ნაკვეთები შეკვეთილის გამწვანებულ ზოლში, ზღვის სანაპიროზე 40 ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს, განაშენიანების დეტალური გეგმა კი გაცილებით დიდ ფართობზეა მომზადებული, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს.
კომპანიამ ტერიტორია ხუთ ნაწილად დაყო და პროექტის განხორციელებაც ხუთ ფაზად დაგეგმა.
რენდერი
კომპანია რუსული კანონის მხარდამჭერ ბიზნესმენს, ნოშრევან ნამორაძეს ეკუთვნის.
დოკუმენტის მიხედვით საპროექტო ტერიტორიის დასავლეთი ნაწილი გათვალისწინებულია სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი შენობებისთვის. აქვე განთავსდება კვების ობიექტები, გართობისთვის განკუთვნილი მომსახურების ობიექტები, მცირე კომერციული-სავაჭრო მომსახურების ობიექტები და ავტოსადგომები.
მონიშნულია „ვი არ შეკვეთილის“ ნაკვეთები სანაპიროზე
„ვი არ შეკვეთილის“ მიწის ნაკვეთი.
განაშენიანების დეტალური გეგმა სამშენებლო ტერიტორიაზე სამანქანო გზების მოწყობასაც ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება 36-სართულიანი და 12-სართულიანი სასტუმროს ტიპის შენობების მშენებლობა დამხმარე ინფრასტრუქტურით.
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებში [შეკვეთილში]. ჩრდილოეთით, დასავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება კერძო ნაკვეთები, ხოლო აღმოსავლეთიდან შემოსაზღვრულია სამანქანო გზით, ნაწილობრივ ესაზღვრება სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ ნაკვეთებსაც. მიმდებარედ არის სასტუმრო „პარაგრაფი“ და „ბლექ სი არენა“.
მონიშნულია სასტუმრო „პარაგრაფი“ და მის მიმდებარედ დენდროლოგიური პარკი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის კომპანიის საკუთრებაშია. „პარაგრაფი“ 67 066 კვ.მეტრს მოიცავს. სასტუმროს წინ პლაჟზე, სადაც აუზი მოაწყვეს – 10 420 კვ.მეტრი, შპს „ბლექ სი რიზორთს“ საიჯარო წესით 99 წლის ვადით აქვს აღებული. „პარაგრაფის მიმდებარედ“ 54 ჰექტარზე გაშენებული დენდროლოგიური პარკი „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაა, ეს კომპანია ბიძინა ივანიშვილის ცოლს, ეკატერინე ხვედელიძეს ეკუთვნის. „პარაგრაფი“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებითაც სარგებლობს.
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით საპროექტო ტერიტორიაზე ვრცელდება საკურორტო ზონა 2 (შზ-7), რომელიც ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში კურორტისთვის დამახასიათებელ განაშენიანებას წარმოადგენს, კომპლექსი 191 080 კვ.მეტრ ტერიტორიაზე უნდა განათავსონ.
დოკუმენტის მიხედვით კომპანიამ ჯანსაღი მრავალწლიანი ხეები უნდა შეინარჩუნოს, მათი ნაწილი უნდა გადარგას.
ნაკვეთები ზღვის სანაპიროზე, შეკვეთილის ფიჭვნარში ნოშრევან ნამორაძის კომპანიას ძირითადად 2023 წელს შეუსყიდია, რამდენიმე მათგანი უფრო ადრეც.
საჯარო რეესტრის მიხედვით, მათი გამყიდველი საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენი ზურაბ სომხიშვილია. ეს ნაკვეთები მის სახელზე 2003 წლიდან ფიქსირდება. სომხიშვილს თანამესაკუთრეებთან ერთად დაუფუძნებია შპს „გავრიონი“, სადაც წილების 80 პროცენტს თავად ფლობს. დოკუმენტების მიხედვით, ამ კომპანიას 2016 წელს მიღებული აქვს მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე.
შპს „ვი არ შეკვეთილი რესორტის“ ასივე პროცენტი შპს „ვი არ ლისის“ საკუთრებაა. ამ კომპანიას კი ნოშრევან ნამორაძე ფლობს. ნამორაძის სამშენებლო კომპანიებმა, პროტესტისა და წინააღმდეგობის ფონზე ნებართვები მიიღეს მასშტაბურ პროექტებზე თბილისში, თაბორის მთაზე, კრწანისში და სხვაგან.
2023 წლის სექტემბერში ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტარ ნინო წილოსანთან ერთად, ინგლისურენოვანი ჟურნალის, „გლამურ საქართველოს“ ახალი ნომრის გადაღებებზე გამოჩნდა.
ბიზნესმენი ნამორაძე და ირაკლი კობახიძე „გლამური საქართველოს“ გადაღებაზე
ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე „ოცნების“ მხარდამჭერი და შემწირველია. ნამორაძემ არაერთხელ გამოხატა მადლიერება „ოცნების“ და მისი მთავრობის მიმართ „ჯანსაღი მიდგომისა და ხელშეწყობისთვის კერძო სექტორისა და ბიზნესისთვის“. მთავრობისა და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის წვლილს მან შეკვეთილში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაციაზეც გაუსვა ხაზი.
მანამდე ნამორაძის ყოფილ პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებაზეც საუბრობდნენ. ბიზნესმენის მეუღლემ ტელეკომპანია „პირველთან“ არ დაადასტურა, თუმცა არც უარყო, რომ ყოფილი პრემიერი მათი შვილის ნათლიაა. ნამორაძის კომპანიის ერთ-ერთი პროექტის „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ პრეზენტაციას ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ. ნამორაძის სამშენებლო კომპანიებმა, პროტესტისა და წინააღმდეგობის ფონზე ნებართვები მიიღეს მასშტაბურ პროექტებზე თბილისში, თაბორის მთაზე, კრწანისში და სხვაგან.
„ვი არ შეკვეთილის“ პროექტის პრეზენტაცია „პარაგრაფში“ გამართეს, პრეზენტაციას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მთავრობის წევრები, მინისტრები და ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ, პრეზენტაციაზე პირველი სიტყვა სწორედ მას მისცეს.
ლევან დავითაშვილმა „ვი არ ჰოლდინგის“ პროექტს შეკვეთილის განვითარების მეორე ეტაპი უწოდა და „პარაგრაფის“ მიერ დანერგილ „მაღალ სტანდარტზეც“ ისაუბრა. შეხვედრას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა ასევე „ტურიზმის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი კახა ბაინდურაშვილი, თავად ნოშრევან ნამორაძემ კი განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას. ამ შეხვედრაზე ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
შპს „ტურიზმის განვითარების ფონდი“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა დააფუძნა. ფონდის შექმნიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ტურიზმის განვითარების ფონდმა“ თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში 680 მილიონი დოლარის ღირებულების 8 მასშტაბური პროექტი უნდა განახორციელოს.
პროექტები თანაინვესტირების ფონდმა წამოიწყო და ახალშექმნილ ფონდს გადააბარა, რადგან მათი განცხადებით, პროექტების სიმრავლე მოითხოვდა მიზნობრივი ფონდის ცალკე არსებობას. ტურიზმის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე დაინიშნა, ის საქართველოს ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრია.
პროექტების ჩამონათვალი ნახეთ აქ.