შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

„გომბორის გზა მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. ამ გზით სარგებლობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტები. გზის დაზიანებული, დამეწყრილი და დეფორმირებული ადგილები მოძრაობის უსაფრთხოებასა და კომფორტულ გადაადგილებას ვეღარ უზრუნველყოფდა, რის გამოც დაიგეგმა გზის რეაბილიტაციის პროექტი

პროექტის შესაბამისად, განხორციელდა გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 6 ხიდის რეაბილიტაცია, ახალი წყალგამტარი მილებისა და რკინა-ბეტონის ქვედა და ზედა საყრდენი კედლის მოწყობა. ასევე, გატარდა მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, შეკეთდა ტროტუარები, მოეწყო მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი და ავტოპავილიონი, ჩატარდა საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით დაფინანსდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.