ვანის მუნიციპალიტეტის, სოფელი ამაღლებაში სამ მოქალაქეს მიწის ნაკვეთს იძულებით ჩამოართმევენ. აღნიშნულის შესახებ ბრძანებას ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აწერს ხელს.

დოკუმენტების მიხედვით, ადგილზე დაგეგმილია ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა.

„წყალტუბო-ახალციხის“ პროექტი ითვალისწინებს 97 კმ სიგრძის 500 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობას არსებული წყალტუბოს ქვესადგურიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზიკილიაში არსებულ ქვესადგურამდე. „წყალტუბო-ახალციხის“ 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი (ხელშ. KFW/DI/OHL/Lot 1) ფინანსდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) „გადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა III-ის ფარგლებში.“ პროექტის განხორციელების შედეგად გაძლიერდება საქართველოს ელექტროენერგეტიკული კავშირი, როგორც თურქეთის ენერგოსისტემასთან, ასევე ევროპის ერთიან სინქრონულ ზონასთან.

პროექტის განხორციელების შედეგად მკვეთრად გაიზრდება ქვეყნის ენერგოქსელის გამტარუნარიაონობა და საიმედოობა. შეიქმნება 500 კვ-იანი ენერგეტიკული მაგისტრალის „ენგური-ზესტაფონი-ახალციხე“ სარეზერვო ქსელი. შემცირდება ავარიული გამორთვებისა და მიუწოდებელი ელექტროენერგიის რაოდენობა, რაც თავის მხრივ, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას შეუწყობს ხელს. „წყალტუბო-ახალციხის“ 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი გადის წყალტუბოს, ქუთაისის, ვანის, ადიგენისა და ახალციხის ტერიტორიებზე. პროექტით გათვალისწინებულია 286 საყრდენის განთავსება. „წყალტუბო-ახალციხის" ხაზის განხორციელებით დაგეგმილია ჩრდილოეთის რგოლის გაძლიერება. პროექტი ასევე კავშირშია „ჯვარი-წყალტუბოს“ პროექტთან. პროექტი „ჯვარი-წყალტუბო-ახალციხე“ სრულად დაარეზერვებს 500 კვ-იანი ელექტროგადამცემ ხაზებს „იმერეთი“ და „ზეკარი“, - ვკითხულობთ ბრძანებაში.

დოკუმენტების მიხედვით, ექსპროპრიაცია ჯამში 14 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განხორციელდება.

„წყალტუბო-ახალციხის“ 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ ბუღუტი ჩუბინიძის, დავით ჩუბინიძისა და ლამარა ხურციძის თანასაკუთრებაში არსებულ ვანის მუნიციპალიტეტის, სოფელი ამაღლებაში მდებარე 3031 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 14 კვ.მ მიწის ნაკვეთზე“, - აღნიშნულია ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაში.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი