უახლოეს ხანებში 1000 მეგავატის მოცულობის ქარის ელექტროსადგურების პროექტები სამშენებლო ეტაპზე გადავა - ამის შესახებ კომპანია „უსასრულო ენერგიის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს.
როგორც თორნიკე ბახტურიძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, საუბარია გორისა და იმერეთის რეგიონში დაგეგმილ ენერგოპროექტებზე, რომელთა შემთხვევაშიც ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები უკვე ჩატარებულია და მიღებულია ქსელზე დაერთების ნებართვებიც.
ბახტურიძის თქმით, გარდა ამისა უკვე სამშენებლო ეტაპზეა დაახლოებით 400-450-მდე მეგავატის მოცულობის ქარის სადგურის პროექტები.
“400 მეგავატზე მეტი, თითქმის 450 მეგავატი სიმძლავრის ქარის სადგურები უახლოეს 2-3 წელიწადში ოპერირებაში დაემატება ჩვენს ელექტროსისტემას. კიდევ 1000 მეგავატი რეალისტური და კვალიფიციური დეველოპერების მიერ მალე გადავა სამშენებლო სტადიაზე და ალბათ უახლოეს 10 წელში დამატებით შესაძლოა, 500-დან 1000 მეგავატამდე ველოდეთ სიმძლავრეების ზრდას. მაგრამ ამის მიღმა, მე რეალისტური მოლოდინი არ მაქვს, რომ შემდეგ ორ-სამ წელიწადში 2000 და 3000 მეგავატს პრაქტიკულად ავაშენებთ.
საქართველოში ქარის ძირითადი ლოკაციები გახლავთ აღმოსავლეთში გორის მიმდებარე ტერიტორია, დასავლეთში იმერეთის და რიკოთის ქედის მიმდებარე ტერიტორია. ამ ტერიტორიებზე არის ძირითადად ლოკალიზებული ის პროექტები, რომლებიც მე ვახსენე. ეს ის დეველოპერები არიან, რომლებიც რეალურ შესწავლას ახორციელებენ, რეალურად ზომავენ ქარის რესურსს, კვლევებს ატარებენ გარემოზე ზემოქმედების თაობაზე, რეალურად ახდენენ მიწების შესყიდვას და ყველა იმ პროცესს, რაც მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად არის საჭირო. ვგულისხმობთ იმ პროექტებს, რომლებიც ამ ეტაპზე ტექნიკური შესწავლის და პროექტირების ეტაპზე იმყოფებიან და უახლოეს მომავალში გადავლენ მშენებლობის ეტაპზე.
[აქამდე იყო] დაგეგმილი [ქარის სადგურების] პროექტების ცოცხალ პროექტებად გარდაქმნის ძალიან ნელი ტემპი. თუმცა, გავბედავ და ვიტყვი, რომ ეს პროცესი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და გაყინული მდგომარეობა, რომელიც წარმოდგენილი იყო მხოლოდ 21 მეგავატით და 6 ტურბინით ამხელა ქვეყანაში, ძალიან მალე შეიცვლება”, - განაცხადა თორნიკე ბახტურიძემ.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის საქართველოში მხოლოდ ერთი ქარის სადგური, გორის ქარის ელექტროსადგური ფუნქციონირებს, რომლის დადგმული სიმძლავრე 21 მეგავატს შეადგენს.