Studio 9-მ წყალტუბოს და თელავის UEFA-ს სტანდარტების მესამე კატეგორიის სტადიონის პროექტირების კონკურსში გაიმარჯვა. UEFA-ს კატეგორიის სტადიონი, ნიშნავს, რომ ის საერთაშორისო დონის თამაშების მიღების შესაძლებლობას მოგვცემს, თავისი ტექნიკური მოთხოვნების თვალსაზრისით, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, Studio 9-ს მთავარმა არქიტექტორმა ლაშა ღვინიანიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, კომპანიამ ცოტა ხნის წინ ასევე გაიმარჯვა რუსთავში UEFA-ს მეოთხე კატეგორიის ცენტრალური სტადიონის პროექტირების კონკურსშიც.

„რუსთავში UEFA-ს მეოთხე კატეგორიის ცენტრალური სტადიონის დაპროექტებას განვახორციელებთ, რომელიც 8000 მაყურებელზეა გათვლილი, ჩვენი გეგმა არის რომ 8.5 თვის ვადაში ჩავაბაროთ სრული მუშა დოკუმენტაცია. 

ყველა სტადიონის შემთხვევაში ვიხელმძღვანელეთ იმ პრინციპით, რომ სტადიონი არ იყოს ცალკეული დახურული ობიექტი, რომელიც თვეში ერთხელ გაიღება, მართალია სრული დატვირთვით მხოლოდ სამატჩო დღეებში იმუშავებს, თუმცა მის შენახვას და ექსპლუატაციას ძალიან დაეხმარება თუ კომერციული სივრცეები გაჩნდება და ეს გათვალისწინებული გვაქვს ჩვენს პროექტებში.

რუსთავის სტადიონის შემთხვევაში სტადიონი ხიდით დაუკავშირდება რუსთავის პარკს და მოქალაქეები შეეძლებათ საფეხმავლო ხიდით სარგებლობა“ - თქვა ღვიანიძემ.

ლაშა ღვინიანიძემ თბილისის ახალ სტადიონზეც გააკეთა კომენტარი, რომელიც მთავრობის თქმით 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და აღნიშნა, რომ თუ ვადები და პირობები კომპანიისთვის მისაღები იქნება ისინი მზად არიან მონაწილეობა მიიღონ პროექტირების კონკურსში. 

„სტადიონები ისეთი მნიშვნელობის ობიექტებია, რომელიც ქალაქის სახე არის და ეს არქიტექტორისთვის ძალიან საინტერესოა. ამიტომ ჩვენთვის ყველა მსგავსი პროექტი, საინტერესოა“ - თქვა ლაშა ღვინიანიძემ.

როგორც არქიტექტორმა განმარტა, ამ რაოდენობის საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის კონკურსებს ბაზარი მზად ვერ დახვდა თუმცა ის ვარაუდობს, რომ მოთხოვნიდან გამომდინარე ბაზარიც გაიზრდება.

ოფიციალური ინფორმაციით, ,,წყალტუბო არენა" - ახლანდელი 26 მაისის სახელობის სტადიონის ადგილზე აშენდება, საერთო ჯამში სტადიონის მშენებლობაზე დაახლოებით 40 მილიონი ლარი დაიხარჯება. რაც შეეხება თელავის სტადიონს, მოხდება არსებული სტადიონის დემონტაჟი და უეფას III კატეგორიის ახალი სტადიონის აშენება.