არქიტექტურულმა სტუდია „დინასტიამ“ „დინამო არენას“ რეკონსტრუქციის ახალი კონცეფცია შეიმუშავა. ინფორმაციასაც აღნიშნული კომპანია ავრცელებს.
„დინასტია“ წერს, რომ „დინამოს“ პრეზიდენტ, რომან ფიფიას ინიციატივით გაიმართა შეხვედრა სტადიონის ავტორებთან - ქურდიანებთან, რომლებსაც ეკუთვნით არქიტექტურული კომპანია.
„დინამო არენა არის მნიშვნელოვანი სპორტული კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში, გარშემორტყმულია ძირითადი ურბანული მაგისტრალებითა და ინტენსიური საფეხმავლო და სატრანსპორტო ნაკადებით. თბილისში მისი ცენტრალური მდებარეობა განაპირობებს ადამიანების უწყვეტ მოძრაობას ტერიტორიის გარშემო მთელი დღის განმავლობაში.
ის გარემოება, რომ ამჟამად, სტადიონი შემოსაზღვრულია უწყვეტი ღობით, იგი იქცა იზოლირებულ ობიექტად და გაიმიჯნულია ქალაქის ურბანული ქსოვილიდან, რაც მას ქალაქის ცენტრში განთავსებულ „კუნძულად“ აქცევს. ეს იზოლაცია უარყოფითად აისახება როგორც თვით სტადიონზე, ასევე მიმდებარე ურბანულ გარემოზე და წარმოადგენს დაკარგულ შესაძლებლობას როგორც სტადიონის ექსპლუატაციისთვის, ასევე მის ყოველდღიურ ქალაქურ ცხოვრებაში ინტეგრაციისთვის.
მნიშვნელოვანი პრობლემა არის სტადიონის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უკიდურესად მცირე ფართობი. შენობის კონტურს მიღმა არსებული თავისუფალი სივრცე მინიმალურია, თუმცა მას ერთდროულად სამი აუცილებელი და ერთმანეთთან კონკურენტული ფუნქციის დატვირთვა ევალება.
ფუნქცია I - ავტოსადგომი, რომელიც არამხოლოდ სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს მატჩებისა და მასშტაბური ღონისძიებების დროს, არამედ ქალაქის ურბანული ქოვილის გაჯანსაღებისთვის აუცილებელი პირობაა. არსებული სივრცის ზედაპირის ფართობი ვერ აკმაყოფილებს საჭირო რაოდენობის ავტომობილების განთავსებას.
ფუნქცია II - საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების შეკრებას, ორგანიზებას, გადაადგილების მართვას, სტადიონზე შესვლასა და გამოსვლას მატჩების, კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების დროს, ასევე დასვენებისა და სოციალური ურთიერთქმედების შესაძლებლობას ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველა თბილისელისთვის. სტადიონის გარშემო არსებული ფართის ზედაპირი მცირე ზომისაა და აკმაყოფილებს მხოლოდ საევაკუაციო ფართის ნორმებს.
ფუნქცია III - ეკონომიკურია და გულისხმობს შემოსავლის მომტან კომერციულ სივრცეებს - რომლებიც სტადიონის გრძელვადიან ფინანსურ მდგრადობას უზრუნველყოფს არა მხოლოდ ღონისძიების დღეებში, არამედ მუდმივად. სტადიონის კომერცალიზაცია აუცილებელია მისი ჯანსაღი არსებობისთვის.
არქიტექტურული კონცეფცია ამ გამოწვევებს ფუნქციების მკაფიო ჰორიზონტალური სივრცეების - ვერტიკალურად ერთმანეთზე ცალ-ცალკე შრეებად გადანაწილებით პასუხობს.
- მიწისქვეშა პარკინგი - (ერთსართულიანი) ავტოსადგომი სრულად გადადის მიწისქვეშა დონეზე, რაც ათავისუფლებს ზედაპირს ტრანსპორტისგან.
- მიწისპირა დონე - მთლიანად ეთმობა საზოგადოებრივ და კომერციულ ფუნქციებს - სტადიონის მუზეუმი, კლუბი, მაღაზია, კინოთეატრი და სხვა.
ამ დონეზე განთავსებული სივრცე განიხილება როგორც სრულად ღია და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გარემო. შედეგად, მიწისპირა დონე ფუნქციონირებს როგორც მრავალფუნქციური - საზოგადოებრივი, კომერციული, სავაჭრო და გასართობი უბანი, სადაც ადამიანები გადაადგილდებიან ისე, როგორც დიდ სავაჭრო ცენტრში. მატჩების არარსებობის შემთხვევაშიც კი, ეს სივრცე რჩება აქტიური, ადვილად მისადგომი და მჭიდროდ ინტეგრირებული ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც სტადიონს - ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ურბანულ ჰაბად აქცევს.
ტერიტორიის ბუნებრივი რელიეფი გამოყენებულია როგორც სივრცითი და არქიტექტურული უპირატესობა. დონეთა სხვაობა, საშუალებას იძლევა შეიქმნას მრავალფეროვანი კომერციული სივრცეები — მასშტაბური, მაღალ ჭერიანი, ან უფრო დაბალი და კამერული სივრცეები, ასევე ორსართულიანი ან ცვალებადი დონეების მქონე ინტერიერები, რაც ზრდის როგორც სივრცით მრავალფეროვნებას, ისე ეკონომიკურ მოქნილობას.
მიწისპირა დონის სახურავი - არის სრულად ექსპლუატირებადი და გვევლინება სრულფასოვან საზოგადოებრივ სივრცედ, ფუნქციონირებს როგორც ურბანული მოედანი ყოველდღიურ რეჟიმში და, ამავდროულად, წარმოადგენს ძირითად შეკრებისა და გადაადგილების ზონას. მასშტაბური ღონისძიებების დროს, უზრუნველყოფს სტადიონზე პირდაპირ წვდომას საევაკუაციო აივნის დონეზე, რაც მატჩის ან სხვა ღონისძიების დასრულების შემდეგ მიიღებს სტადიონს მიღმა, სტანდარტით გათვალისწინებულ საევაკუაციო ფართის ფუნქციას.
კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი ასპექტია მიწის დონეზე განთავსებულ კომერციულ ზონასა და მის სახურავზე განლაგებულ აქტივობებს შორის - ცირკულაციის სისტემის კონტროლირებული გამიჯვნა და შერჩევითი კავშირები. მიუხედავად იმისა, რომ რელიეფი, ფორმა და ფუნქცია გარკვეულ წერტილებში უზრუნველყოფს მიწის დონესა და სახურავს შორის პირდაპირ კავშირს - ეს კავშირები მკაცრად რეგულირდება. მატჩებისა და დიდი ღონისძიებების დროს კომერციული სივრცეები შესაძლებელია უსაფრთხოდ იზოლირდეს, რაც უზრუნველყოფს მათ და ვიზიტორების უსაფრთხოებას. ამავე დროს, მაყურებლებს შეუძლიათ სტადიონზე შესვლა და გამოსვლა უშუალოდ კომერციული შრის ზედა, სახურავზე განთავსებული საზოგადოებრივი სივრცის დონის საშუალებით, კომერციულ ზონებში მოხვედრის გარეშე.
ამ შრეობრივი, მოქნილი და მრავალფუნქციური სივრცითი სტრატეგიის შედეგად, სტადიონი ტრანსფორმირდება შემოსაზღვრული, ერთფუნქციური ობიექტიდან - მუდმივად აქტიურ, ეკონომიკურად მდგრად და სოციალური თვალსაზრისით ინტეგრირებულ ურბანულ კომპლექსად, რომელიც ფუნქციონირებს როგორც ღონისძიებების დღეებში, ისე ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
რეკონსტრუქციის მიზნები :
- მაყურებელთა რაოდენობის გაზრდა (70 000+ -მდე);
II. საპარკინგე ადგილის შექმნა (UEFA მოთხოვნების შესაბამისად);
III. საზოგადოებრივი სივრცის შექმნა და მისი ინტეგრაცია ქალაქის ურბანულ სივრცეში;
IV. კომერციალიზაცია - ანუ ობიექტის ტერიტორიაზე კომერციული ფართის მოწყობა. - მაყურებელთა რაოდენობის გაზრდისთვის და მათი კომფორტის გაუმჯობესებისთვის კეთდება შემდეგი :
- სარბენი ბილიკების გაუქმება და არენის გადაქცევა სუფთა საფეხბურთო სტადიონად.
- პირველი იარუსის სრული სახეცვლილება
- ახალი იარუსის დაპროექტება, სადაც შესაბამისი გათვლების საფუძველზე ნარჩუნდება სტადიონის უნიკალური ხედვის მრუდე - რათა არ დაირღვეს ტრიბუნის ნებისმიერი წერტილიდან არსებული კომფორტული ხედვა.
- კონცერტის ან სხვა ტიპის ღონისძიების ჩასატარებლად არსებული ერთი შესასვლელი არაა საკმარისი, ხოლო ახლად დაპროექტებული პირველი იარუსის ტრიბუნა იძლევა შესაძლებლობას მოეწყოს - დამატებითი შესასვლელები/ მინდორზე.
- არსებული მეორე იარუსი, საევაკუაციო აივანი და გადახურვის კონსტრუქციული ნაწილი - რჩება ხელუხლებლად.
- ხორციელდება თვითონ გადახურვის რეკონსტრუქცია - იმის გათვალისწინებით, რომ ყველა დასაჯდომი ადგილი (ორივე იარუსის 100%) - იყოს გადახურვის ქვეშ.
- ახალი პირველი იარუსის ტრიბუნის ქვეშ, მოეწყობა - როგორც საფეხბურთო ან სხვა ღონისძიებისთვის, ასევე ადმინისტრაციული და სხვადასხვა სპორტული დანიშნულებისთვის, საჭირო სივრცეები.
- საპარკინგე ადგილების შექმნა, III. საზოგადოებრივი სივრცის შექმნა და IV. კომერციალიზაცია
- ტერიტორიის გარშემო არსებული ღობეების სრული დემონტაჟი და ტერიტორიის გახსნა საფეხმავლო გამჭოლი მოძრაობისთვის.
- პარკინგის მოწყობა (საორიენტაციოდ 800 ავტო მანქანაზე), „-1 დონეზე“ მთელი ტერიტორიის ქვეშ (შეძლებისდაგვარად - მიწისქვეშა კომუნიკაციების გათვალისწინებით).
- მიწის დონეზე, პარკინგის თავზე, კომერციული ფართის მოწყობა - აივნის დონემდე. ტერიტორიის რელიეფურობიდან გამომდინარე, 1-2 სართულზე. ზოგან შესაძლებელია ანტრესოლის ტიპის სართულის შექმნაც. აივნის ქვეშ არსებული კომერციული ფართების ნაწილობრივი შენარჩუნებით.
- კომერციული ფართის სახურავი იქცეს საზოგადოებრივი სივრცის ნაწილი (პარკი, მწვანე ზონა) - ხალხთა მასების თავშეყრის და სტადიონზე შესვლა-გამოსვლის გზა, რომლითაც მოხდება მატჩის დროს მაყურებელთა მოხვედრა საევაკუაციო აივანზე, საიდანაც ხალხთა მასების ნაკადი გადანაწილდება I და II იარუსებზე. ასეთი სახის მოძრაობის გრაფიკი უზრუნველყოფს მაყურებელთა მასების და კომერციული ფართების ერთმანეთისგან გამიჯვნას.
ისტორიული მიმოხილვა :
- თბილისის დინამოს სტადიონი პირველად აშენდა 1936 წელს და მისი ავტორი იყო არჩილ ქურდიანი. მისი ტევადობა იყო 25 000 მაყურებელი.
- შემდგომ მაყურებელთა გაზრდის მიზნით (35 000-მდე) მოხდა მისი მცირედი რეკონსტრუქცია 1956 წელს ისევ არჩილ ქურდიანის ავტორობით და მას ეხმარებოდა მისი ვაჟი გია ქურდიანი.
- 50-60-იან წლებში დაიწყო და 1976 წლის 26 სექტემბერს გაიხსნა ძირეულად რეკონსტრუირებული სტადიონი და მისი ავტორები იყვნენ არჩილი და გია ქურდიანები. ტევადობა ამ ჯერად უკვე იყო 75 000 დასაჯდომი ადგილი.
- 2006 წელს საჭირო გახდა UEFA-ს ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა და 30-წლიანი პაუზის შემდეგ, მოხდა სტადიონის რეკონსტრუქცია. ამჯერად მისი ავტორები იყვნენ გია ქურდიანი და მისი ვაჟი - უმცროსი არჩილი. რეკონსტრუქციის შედეგად და UEFA-ს ახალი ნორმების გათვალისწინების გამო, ტევადობა შემცირდა 55 000-მდე.
- 2015 წლის აგვისტოში, დინამო არენაზე, ევროპის სუპერთასის ფინალის ჩატარებასთან დაკავშირებით, 2014-2015 წლებში, განხორციელდა კიდევ ერთი რეკონსტრუქცია. ამჯერად ამ რეკონსტრუქციის ავტორები იყვნენ ქურდიანების ოჯახის სამი თაობის წარმომადგენლები: გია, უმცროსი არჩილი და უმცროსი გიორგი ქურდიანები.
წლები, ათწლეულები მიდის და ისეთი რთული და დინამიური ორგანიზმი, როგორიც არის სტადიონი - საჭიროებს სისტემატურად განახლებას, ახლებური ხედვის და ფუნქციების ინტეგრაციას.
სწორედ ამას აკეთებს 90 წლის განმავლობაში ქურდიანების არქიტექტურული დინასტიის ოთხი თაობა.
დინამოს პრეზიდენტ, რომან ფიფიას ინიციატივით გაიმართა შეხვედრა სტადიონის ავტორებთან, სადაც სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო არსებული სტადიონის პრობლემების, თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობისა და მათი გადაჭრის შესაძლო გზების განხილვა. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სტადიონის ავტორებმა შეიმუშავეს კონცეფცია.
„დინამო არენა“-ს ისტორია ეს პირველ რიგში სტადიონის აშენების დღიდან მისი მუდმივი რეკონსტრუქციის და არქიტექტურული ტრანსფორმაციის 90 წლიანი ისტორიაა და ამ ყველაფერს, დაწყებული 1936 წლიდან დღემდე ახორციელებს ქურდიანების არქიტექტურული დინასტიის ოთხი თაობა.
„დინამო არენა“-ს საავტორო უფლების მფლობელების მიერ გაკეთდა სტადიონის რეკონსტრუქციის ახალი კონცეფცია - თანამედროვე მოთხოვნების პრიზმაში, რაც მოიცავს წარდგენილი ამოცანების გადაწყვეტას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.



