საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მე-4 და მე-5 ლოტების სამშენებლო სამუშაოებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

მე-4 ლოტი მოიცავს დაახლოებით 8.7-კილომეტრიან მონაკვეთს, რომელიც თბილისის შემოვლით გზას ლოჭინის სატრანსპორტო კვანძთან დააკავშირებს. მე-5 ლოტის სიგრძე 10.2 კილომეტრია და თბილისის შემოვლითი გზის სამხრეთ მონაკვეთს წარმოადგენს. აღნიშნული მონაკვეთი E60 საერთაშორისო ავტომაგისტრალს (აზერბაიჯანის მიმართულება) კახეთის გზატკეცილთან დააკავშირებს და შექმნის სწრაფ და უსაფრთხო კავშირს რუსთავს, თბილისის აღმოსავლეთ ნაწილს, აეროპორტსა და ახალ ინდუსტრიულ ზონებს შორის.

თბილისის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E60) მნიშვნელოვანი ნაწილია და ერთდროულად ემსახურება როგორც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, ისე დედაქალაქის სატრანსპორტო დატვირთვის შემცირებას.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სატრანზიტო ნაკადების ზრდას, მგზავრობის დროის შემცირებას, რეგიონული და საერთაშორისო კავშირების გაუმჯობესებასა და ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნების გამტარუნარიანობის გაზრდას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, რუსთავის ინდუსტრიული ზონისა და კახეთის მიმართულებით გადაადგილების ეფექტიანობის გაუმჯობესება.

დაინტერესებულმა კომპანიებმა ინტერესის გამოხატვა ინგლისურ ენაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტში არაუგვიანეს 2026 წლის 3 აგვისტოს 16:00 სთ-ისა (თბილისის დროით) უნდა წარადგინონ.

სამუშაოების დაწყებიდან მე-4 ლოტის მშენებლობის ვადა 30 თვეს, ხოლო მე-5 ლოტის მშენებლობის ვადა 20 თვეს შეადგენს.

სამშენებლო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდება.

თბილისის შემოვლითი გზა (ნატახტარი/წიწამური — რუსთავი) საერთო ჯამში დაახლოებით 49 კილომეტრის სიგრძისაა და რამდენიმე ლოტად ხორციელდება. პროექტის მე-2 და მე-3 ლოტების მშენებლობისთვის სატენდერო პროცედურები უკვე მიმდინარეობს.

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:

https://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1781853381

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.