თბილისის სატრანსპორტო კომპანია „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზის შეუფერხებელი და უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის მარაგ-ნაწილების (დამხმარე მასალები, სათადარიგო ნაწილები და სხვა) შესყიდვას ახორციელებს.
კომპანიამ 14 აგვისტოს საბაგიროს ნაწილების გამარტივებული წესით შესყიდვა იტალიური კომპანია Leitner AG-სგან მოითხოვა და თანხმობა უკვე მიიღო. ღირებულება 100 679 ევროს შეადგენს.
განმარტებითი ბარათიდან ვიგებთ, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზაზე მორიგი ინსპექტირების ჩატარება იგეგმება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განმარტებით, საბაგიროს ამოწურული აქვს მწარმოებლის საგარანტიო ვადა და არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ინსპექტირების პროცესში გამოვლინდეს ისეთი ტიპის ტექნიკური ხარვეზები ან ცვეთადი ელემენტების საჭიროება, რომელთა დაუყოვნებლივი ჩანაცვლება იქნება აუცილებელი საბაგირო გზის უსაფრთხო და უწყვეტი ფუნქციონირებისთვის.
„იმის გათვალისწინებით, რომ მარაგ-ნაწილების ელექტრონული ტენდერის გზით შესყიდვა დაკავშირებულია გრძელვადიან პროცედურებთან, რაც გამოიწვევს საბაგირო გზის ხანგრძლივი ვადით შეჩერებას და შესაბამისად, დააზარალებს საზოგადოებრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო სერვისს – მგზავრთა გადაყვანას საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“, მიზანშეწონილად მიგვაჩნია სათადარიგო ნაწილების კრიტიკული რაოდენობა შემჭიდროებულ ვადებში იქნეს შესყიდული შემდგომი ტექნიკური მომსახურების უზრუნველსაყოფად. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ ექსპლუატაციის საათების მატებასთან ერთად გაიზარდა შესაცვლელი სათადარიგო ნაწილების რაოდენობა და შემცირდა ინტერვალები ტექნიკურ მომსახურებებს შორის, რამაც გამოიწვია მარაგ-ნაწილების გაზრდილი რაოდენობით მოხმარების საჭიროება, რაც ვერ იქნებოდა წინასწარ განსაზღვრული.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №412 დადგენილებით დამტკიცებული „საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საბაგირო მოწყობილობის რემონტისთვის დაუშვებელია ისეთი ტექნიკური მახასიათებლების მქონე მასალების, ასევე მექანიკური, ელექტრული და მაკომპლექტებელი მოწყობილობების გამოყენება, რომლებიც არ არის გათვალისწინებული საბაგირო მოწყობილობის ტექნიკური დოკუმენტაციით და საფრთხეს შეუქმნის საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაციას“, შესაბამისად, საბაგირო გზის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის ვადის გაზრდის მიზნით, მიზანშეწონილია აღნიშნული მარაგ-ნაწილები მოგვაწოდოს მწარმოებელმა - იტალიური კომპანია „Leitner AG“-მა. კომპანია „Leitner AG“-ი, როგორც მწარმოებელი და დამამზადებელი ფლობს საბაგირო გზის - „რიყე-ნარიყალა“-ს მოწყობილობებს და უსაფრთხოების კომპონენტებს, იძლევა შესაძლებლობას ორიგინალი სათადარიგო ნაწილები და დამხმარე მასალები შეძენილ იქნას შემჭიდროებულ ვადებში, უშუალოდ დამამზადებლისაგან“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.