რუსეთში, „რუსული ტრანსპორტის“ გამოფენაზე სოხუმის აეროპორტის მაკეტი წარადგინეს.

РБК-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს, ხოლო მეორე ეტაპზე სამგზავრო ტერმინალის აშენება და სამხრეთ ნაწილის კეთილმოწყობა იგეგმება. აღსანიშნავია, რომ აეროპორტის სამხრეთი შავი ზღვის სანაპირო ზოლს ესაზღვრება. ტერმინალის საერთო ფართობი 23000 კვ მეტრი იქნება. სამხრეთ ნაწილის ბაქანი 6 ავიამზიდზეა გათვლილი. ახალი კომპლექსი საათში 1300 მგზავრს მოემსახურება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ დროისთვის, ჩრდილოეთ ნაწილში დროებითი აეროდრომის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, 3.1 კმ სიგრძის ასაფრენი ზოლის მშენებლობა კი უკვე დასრულდა.

რუსული და აფხაზური მხარეები პირველი ეტაპის დასრულებას 2025 წლის მაისში გეგმავენ, როცა აფხაზეთში ტურისტული სეზონი იწყება. რაც შეეხება მეორე ეტაპის დაწყებისა და დასრულების ვადებს, აეროპორტის წარმომადგენელი ამ დეტალებს არ ასაჯაროებენ. სოხუმის აეროპორტი 1993 წელს დაიხურა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) გადაწყვეტილებით, რაც აფხაზეთის ომს უკავშირდება. 2023 წლის ზაფხულში რუსეთმა და აფხაზეთმა აეროპორტის რეკონსტრუქციაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის ტენდერი 2023 წლის ოქტომბერში გამოცხადდა. გამარჯვება რუსულმა კომპანიამ „ინფრასტრუქტურული განვითარება“-მ მოიპოვა. კომპანიის მფლობელი რაშიდ რაშიდოვიჩ ნურგალიევია, რომლის სახელი და გვარიც სრულად ემთხვევა რუსეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, რაშიდ ნურგალიევის ერთ-ერთი შვილის სახელს.

ამჟამად რუსეთიდან აფხაზეთის დედაქალაქამდე ჩასვლა მხოლოდ სახმელეთო ან საზღვაო გზით არის შესაძლებელი, მაგალითად, მატარებლით ან გემით.

ცნობისთვის, აფხაზეთის ომის შემდეგ აეროდრომში რამდენიმე მიტოვებული თვითმფრინავი და დიდი რაოდენობით ნაღმი დარჩა. დანაღმული იყო აგრეთვე ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი. ICAO სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტად არ აღიარებს.