ზღვაში ტერიტორიების ნაკვეთებად რეგისტრაცია გრძელდება. წყლით დაფარულ ტერიტორიებს არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთებად სახელმწიფო ირეგისტრირებს, შემდეგ კი სარგებლობაში გასცემს, მათ შორის კერძო კომპანიებზე.

რისთვის არეგისტრირებს სახელმწიფო ზღვაში ნაკვეთებს ცალკე საკადასტრო ერთეულებად? – თუ წყლით დაფარულ „ნაკვეთებს“ და მათ მიმდებარე ტერიტორიებს დავაკვირდებით, პასუხი მარტივია – ეკონომიკური საქმიანობის, ძირითადად, ამა თუ იმ კერძო ბიზნესის ხელშეწყობისთვის.

დაახლოებით ერთი თვის წინ, ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრმა სარფში, 9 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაარეგისტრირა ზღვაში სახელმწიფოს საკუთრებად.

ზღვის „ნაკვეთი“ სარფი-კვარიათის საზღვართანაა, კვარიათის მხარეს მიწის ნაკვეთზე კი, მშენებლობაა დაგეგმილი.

მშენებლობას შპს „ლიცი“ გეგმავს. კონცეფციის მიხედვით, კომპანია ზღვიდან 50 მეტრში [„რაკუშკებთან“ ახლოს], 70 მეტრი სიმაღლის, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის აშენებას აპირებს.

სარფი / მარჯვნივ პროექტის რენდერი და ზღვაში მონიშნული ნაკვეთი მარცხნივ

შპს „ლიცის“ მიერ ბათუმის მერიაში 2026 წელს გადაგზავნილ დოკუმენტებს საპროექტო ტერიტორიის ვიზუალიზაციის ამსახველი ფოტოებიც ახლავს, როგორც არსებული სიტუაციის, ასევე – რენდერებიც [თუ როგორი იქნება იგივე ადგილი პროექტის განხორციელების შემდგომ].

ერთ-ერთი ასეთი რენდერის მიხედვით ვიგებთ, რომ კომპანია ზღვაში იახტკლუბის მოწყობასაც გეგმავს. იახტკლუბი კი, ზღვის იმ ნაწილში უნდა განთავსდეს, რომელიც სახელმწიფომ ახლახან დაარეგისტრირა ნაკვეთად.

ზღვის „ნაკვეთი“ ამ დროისთვის სახელმწიფოს საკუთრებაშია და ის იჯარით ან აღნაგობით ვინმესთვის გადაცემული არ არის.

აღსანიშნავია რომ საქართველოს საზღვაო სივრცეში სახელმწიფოს 5 საზღვაო ზონა აქვს შერჩეული აკვაკულტურისთვის. ესენია: გონიო-კვარიათი, ჩაქვი, ქობულეთი, ფოთი და ანაკლია. ზღვაში ამ ზონების საზღვრებიც ცნობილია, თუმცა ზემოთ აღნიშნული „ზღვის ნაკვეთი“ გონიო-კვარიათის საზღვაო ზონაში არ შედის.

  • სახელმწიფომ ზღვაში კიდევ ერთი ტერიტორია – 43,3 ჰექტარი დაირეგისტრირა ცალკე ნაკვეთად. წყლით დაფარულ ტერიტორიაზე, როგორც არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე, ამონაწერი საჯარო რეესტრმა 2026 წლის 30 მარტს გასცა.

ახალრეგისტრირებული ფართობი ზღვაში იმ ტერიტორიას ესაზღვრება, რომელიც სახელმწიფომ ადრე ხელოვნური კუნძულის პროექტისთვის დაარეგისტრირა.

ხელოვნური ნახევარკუნძულების მშენებლობა ბათუმში / 7.04.2026

„მიწის ნაკვეთზე [მდებარე: ქალაქი ბათუმი, წყლით დაფარული ტერიტორია] სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის“ მოთხოვნით ქონების ეროვნულმა სააგენტომ საჯარო რეესტრს 2026 წლის 27 მარტს მიმართა.

უკავშირდება თუ არა ზღვაში ტერიტორიის რეგისტრაცია ხელოვნური კუნძულის პროექტს? – ამ კითხვაზე პასუხს „ბათუმელები“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ელოდება და მიღების შემთხვევაში აქვე მოგაწვდით.

ნაკვეთები ზღვაში

ფოტოზე ნაჩვენებია, რომ სახელმწიფოს ბათუმის მიმდებარედ ზღვაში 6 ნაკვეთი [წყლით დაფარული ტერიტორია] აქვს დარეგისტრირებული:

  • ახალდარეგისტრირებული ნაკვეთი, 43,3 ჰექტარი [მონიშნულია წითელი ფერით].
  •  ხელოვნური კუნძულისთვის რეგისტრირებული ტერიტორია [მწვანე ფერით]
  • სანაპირო დაცვის სამსახურის სარგებლობაში არსებული ტერიტორია[იასამნისფრად]
  • ღია ლურჯი ფერით მონიშნულია თამარის დასახლებასთან ზღვაში რეგისტრირებული ტერიტორია
  • ბათუმის პორტის აკვატორია [ყვითელი ფერით]
  • ბათუმის იახტკლუბთან დარეგისტრირებული ტერიტორია [ლურჯი ფერით]

„ხელოვნური კუნძულის“ პროექტისთვის ზღვაში სახელმწიფოს მიერ დარეგისტრირებულ ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ხელოვნური ნახევარკუნძულები შენდება. რაც შეეხება უშუალოდ კუნძულის მშენებლობას, ის ჯერ დაწყებული არ არის.

ხელოვნურ ნახევარკუნძულზე ცათამბჯენის მშენებლობა დაწყებულია / 7.04.2026

„ამბასადორი ბათუმი აილენდზე“ ხელოვნური კუნძულის პროექტისთვის ზღვაში ჯამში 1 443 223 კვადრატული მეტრი ფართობია გადაცემული აღნაგობის უფლებით.

კომპანიას იმ ტერიტორიას, რომელსაც ზღვაში ხმელეთად აქცევს, სახელმწიფო ეტაპობრივად გადასცემს საკუთრებაში. მაგალითად, 2025 წლის თებერვალში „ამბასადორს“ ხელოვნურ კუნძულზე 194 457 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადასცეს საკუთრებაში 1 ლარად.

საპროექტო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ხელოვნური ნახევარკუნძულებისა და კუნძულის სრულად განაშენიანების შემდგომ ბათუმის მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 70 000-ით გაიზრდება.

პარალელურად, „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ერთ-ერთ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე ცათამბჯენის მშენებლობაც აქვს დაწყებული.

ცათამბჯენების მშენებლობას თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყლის შესართავთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერისა და პარლამენტარების კომპანიებიც გეგმავენ.

ამ კომპანიებისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთების მოპირდაპირედ კი სახელმწიფოს ზღვაში 3 ჰექტარი ტერიტორია აქვს დარეგისტრირებული [ზემოთ ფოტოზე N4], როგორც არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთი. ეს ტერიტორია რეესტრის ბოლო ამონაწერით ისევ სახელმწიფოს საკუთრებაშია.

  • ზღვაში 1 ჰექტრამდე ნაკვეთი სახელმწიფომ 2019 წელშიც დაირეგისტრირა ბათუმის იახტკლუბის პროექტის გამო.

მიწად დარეგისტრირებულ 1 ჰექტარ ზღვას კი „ბათუმის იახტ კლუბი“ 2037 წლამდე ითხოვს.

ამ დროისთვის არც ეს ნაკვეთია ვინმესთვის გადაცემული სარგებლობაში.

ზღვაში რეგისტრირებული ნაკვეთი ბათუმის იახტკლუბთან

იახტკლუბის განვითარების პროექტი 2017 წელს დაიგეგმა და თავდაპირველი შეთანხმებით, 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, გარკვეული შენობის მშენებლობა მხოლოდ 2025 წელს დაიწყო.

სახელმწიფომ შესაბამისი ტერიტორია, 5 727 კვადრატული მეტრი, ზღვაში აქაც არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთად დაარეგისტრირა.

ჩაქვი / ზღვაში რეგისტრირებული ნაკვეთი [მარცხნივ] „ოაზისის“ პირდაპირ და „ოაზისის“ რენდერი პროექტიდან [მარჯვნივ]

რეესტრის ამონაწერებით, არც ეს ადგილია ვინმესთვის ჯერ სარგებლობაში გადაცემული.

    საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ამ დროისთვის შპს „ბლექ სი რიზორთსის“ მესაკუთრე საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდია, ამ ფონდის წილებს კი „საქველმოქმედო ფონდი ქართუ“ ფლობს, რომელიც „ქართუ ჯგუფის“ შვილობილია. „ქართუ ჯგუფის“ ერთადერთი პარტნიორი კი უტა ივანიშვილია.

    „პარაგრაფის“ გვერდით ზღვაში ტერიტორია ნაკვეთად არ არის მონიშნული, თუმცა აშენებულია 410 მეტრი სიგრძის პირსი [„ხაზობრივი ნაგებობა“], რომელიც ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაა.

    პირსი ბიძინა ივანიშვილის რეზიდეციასთან შეკვეთილში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

    რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ამ პირსის მშენებლობაზე ოზურგეთის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა 2006 წელს გასცა, ხოლო ნაგებობა ექსპლუატაციაში მიიღეს 2009 წელს.

    პირსის მესაკუთრე პირადად ბიძინა ივანიშვილი იყო.

    2012 წელს კი, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მესაკუთრე ბერა ივანიშვილი გახდა.

    2017 წლის ბოლო ამონაწერით კი, ამ პირსის მესაკუთრე უკვე შპს „ურეკი რეზიდენსია“. „ურეკი რეზიდენსის“ 100 პროცენტი წილის მფლობელი ეკატერინა ხვედელიძეა.

    ამ პირსიდან 600 მეტრის დაშორებით სახელმწიფოს ზღვაში 2 266 კვადრატული მეტრი ტერიტორიაც აქვს დარეგისტრირებული არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთად.

    ეს ტერიტორია სახელმწიფომ 2016 წელს დაირეგისტრირა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა აჭარიდან ხეების ზღვით გადატანა დაიწყო.

    ადგილი შეკვეთილში სადაც ზღვით წამოღებული ხეები გადმოჰქონდათ დენდროპარკისთვის. მარჯვნივ მონიშნულია იგივე ტერიტორია ზღვაში, რომელიც სახელმწიფოს ცალკე ნაკვეთად აქვს დარეგისტრირებული / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

    ამ ადგილზე სახელდახელოდ მოწყობილ პირსზე გადმოჰქონდათ ხეები დენდროლოგიური პარკისთვის. ეს პირსი 2019 წლისთვის უკვე გაუქმებული იყო, თუმცა ზღვაში ტერიტორია დღემდე ცალკე საკადასტრო ერთეულად რჩება.

    შეკვეთილთან სახელმწიფომ 2 წლის წინ ზღვაში კიდევ ერთი ნაკვეთი დაარეგისტრირა, რომლის ფართობი [პლაჟის ჩათვლით] 9 ჰექტარია. ეს ნაკვეთიც რეესტრის მიხედვით სარგებლობაში ჯერ არავისთვის არ არის გადაცემული:

    9 ჰექტარი ფართობის ნაკვეთი [წითელი ფერით] ნატანებთან[შეკვეთილთან], რომლის უდიდესი ნაწილი ზღვაშია.

    • სახელმწიფოს ზღვაში კიდევ ორ ადგილას აქვს დარეგისტრირებული ნაკვეთები. ესენია ფოთი და ანაკლია.

    ფოთის პორტი და პორტის აკვატორიაში სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირებული ნაკვეთები [მარჯვნივ, ლურჯი ფერით]. სახელმწიფოს ზღვაში ტერიტორია აქ 3 საკადასტრო ერთეულად აქვს დარეგისტრირებული.

    რაც შეეხება ანაკლიას, აქ სახელმწიფოს ზღვაში 225 ჰექტარი აქვს დარეგისტრირებული [2 251 007 კვადრატული მეტრი].

    საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფოს 99 წლით შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურზე“ აქვს გადაცემული სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით.

    აღნაგობის ხელშეკრულება 2023 წლის ოქტომბერშია დადებული. ამ კომპანიის 100 პროცენტ წილს სახელმწიფო ფლობს.

    ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგური უნდა აშენდეს.

    ზღვაში დარეგისტრირებული „ნაკვეთი“ ანაკლიასთან [მონიშნულია წითელი ფერით]

    „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ სახელმწიფომ 2023 წელს დააფუძნა. კომპანიამ უნდა უზრუნველყოფს საზღვაო ინფრასტუქტურის [ფსკერდაღრმავების, ტალღმტეხელის] პროექტირება და მშენებლობა ანაკლიაში.

    ანაკლიაში პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო.

    მოგვიანებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულება შეუწყვიტეს.

    ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის ბოლო ეტაპზე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმია გადასული.

    ხელისუფლება აცხადებდა, რომ მასთან ხელშეკრულებას მალე გააფორმებდა, თუმცა, კონსორციუმი დღემდე კონკურსის გამარჯვებულადაც კი არ არის გამოცხადებული.

    ამ კონსორციუმის წამყვანი კომპანია China Communications Construction Company Limited [CCCC] კი სანქცირებულია აშშ-ში.

    ანაკლიაში 2026 წლის 26 აგვისტოს იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი.

    batumelebi.netgazeti.ge