საქართველოში შესაძლოა, „სამშენებლო ომბუდსმენის“ ინსტიტუტი შეიქმნას - ამ წინადადებით მიმართავენ პარლამენტს მოქალაქეები ზურაბ ვანიშვილი, ზურაბ ღლონტი, ბესიკ ქათამაძე და როლანდ კოჩოძე.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს წინადადების განხილვა და ბიუროსთვის გადაწყვეტილების ცნობა დაევალა.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს ზემოთ ჩამოთვლილი მოქალაქეები მიმართავენ პარლამენტს, რომ მიიღონ კანონი „სამშენებლო ომბუდსმენის შესახებ“. მოქალაქეებს აღნიშნულის საჭიროებას ხსნიან იმით, რომ ქვეყანაში მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესი მასშტაბურ დარღვევებთან ასოცირდება.

„მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესს ახასიათებს მასშტაბური დარღვევები. ცალსახა მაგალითის სახით, წარმოგიდგენთ, 2018 წლის 31 დეკემბერს, ს/კ -ზე გაცემული კონკრეტული მშენებლობის ნებართვის 7 უკანონობის დამადასტურებელ 7 სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას, რომლებიც ადასტურებენ დედაქალაქში 12.04.2016 წელს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის შვიდ უკანონობას.

დასკვნები შედგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2024-2025 წლებში, აღნიშნული 7 საექსპერტო დასკვნა ადასტურებენ ს/კ მიწის ნაკვეთზე ( ას მიმდებარედ) 12.04.2016 წელს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის უკანონობას, 7 ეპიზოდში:

  • საპროექტო შენობის ქვეშ გადის გაზსადენი;
  • აღნიშნული გაზსადენის გადალაგება შეუძლებელია სამხრეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით;
  • საპროექტო შენობიდან სტადიონამდე არ არის დაცული სავალდებულო 10-40 მეტრიანი მანძილი;
  • საპროექტო შენობიდან მიმდებარე ავტოფარეხებამდე არ არის დაცული სავალდებულო 15-მეტრიანი მანძილი;
  • საპროექტო შენობამდე მიმავალი გზის კიდიდან შენობის კედლამდე არ არის დაცული სავალდებულო 8-10 მეტრიანი ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი;
  • საპროექტო შენობამდე მიმავალ გზას არ გააჩნია საფეხმავლო ბილიკები და ტროტუარები;
  • საპროექტო შენობამდე მიმავალი გზის კიდიდან შენობის კედლამდე არ არის გათვალისწინებული 8-10 მეტრიანი მანძილი სახანძრო ავტომანქანებისთვის და სახანძრო ავტოკიბეებისთვის.

წინადადების ავტორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული 7 დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა ხდება ქაოტურად. ამასთანავე, წერილში აღნიშნულია, რომ „მშენებლობის დარგში არ არის დანერგილი მკაფიო და თანმიმდევრული წესები, გასაუმჯობესებელია გამჭვირვალობა, აუცილებელია სამშენებლო რეგულაციების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, შენობის ხარისხის კონტროლისა და უსაფრთხოების მექანიზმების არსებობის უზრუნველყოფა და პროექტების შეფასება რისკის კატეგორიების მიხედვით.

„ერთი მშენებლობის ნებართვის მიმართ რომ 7 სასამართლო ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნა არსებობს, ეს ნიშნავს, რომ დარღვევების მასშტაბები მაღალია, ზოგადად ამ დარგში.

შესაბამისად, სამშენებლო სექტორში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, საჭიროა „სამშენებლო ომბუდსმენის“ ინსტიტუტის შემოღება“, - ვკითხულობთ საკანონმდებლო წინადადებაში.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი