საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება, რომლითაც საგარეჯოში ახალი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნასთან დაკავშირებული დეტალები შეიცვალა.
თიზ-ის მოწყობასთან დაკავშირებით მთავრობამ პირველი დადგენილება 2022 წლის 10 ოქტომბერს გამოიცა. მის მიხედვით, თიზ-ის პროექტს შპს „ასი გრუპ ჯორჯია“ განახორციელებს, რომელიც იორდანიელი ბიზნესმენის, ოსამა ალ შანტის მიერ არის დაფუძნებული.
დადგენილებაში შესული ცვლილებით, ინვესტორს ერთი წლით - 2027 წლის 1 იანვრამდე გადაუვადდა ტერიტორიის სივრცითი და გეგმარებითი განაშენიანების დეტალური გეგმის წარდგენის ვადა.
წინა გადავადება 2024 წელს მოხდა, როდესაც მთავრობამ კომპანიას ვადა 2026 წლის 1 იანვრამდე განუსაზღვრა. მანამდე კი ცვლილება 2023 წლის ივნისში განხორციელდა, რომლის მიხედვითაც სამუშაოების შესრულების ვადა 2024 წლის 1 ივლისამდე გადავადდა.
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგდანოვკაში 1,117,450 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №55.02.51.063.618 და №55.02.51.063.619) შეიქმნას საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (შემდგომში − საგარეჯოს თიზ).
ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა შეიმუშაოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების დეტალური გეგმა“,- ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.
შპს „ასი გრუპ ჯორჯია“ 2021 წელს დაფუძნდა. კომპანიის 80%-ს ნიდერლანდებში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ACE Group International-ი ფლობს, 20%-ს კი საქართველო-იორდანიის ორმაგი მოქალაქე ოსამა ალ შანტი. კომპანიის დირექტორი კი ეგვიპტის მოქალაქე აჰმედ დიააელდინ აბდელმოათი ელგჰონემი.