სადგურის მოედნისა და დადიანის გამზირის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა 2026 წელს იგეგმება. ამის შესახებ დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტშია აღნიშნული. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, პროექტისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი 10 მლნ ლარი იქნება.
„ქვეპროგრამა ითვალისწინებს ახალი საინჟინრო ინფრასტრუქტურული ობიექტის (ხიდი) მშენებლობას, რომელიც შექმნის თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივას - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდის სახით, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის“,- ვკითხულობთ დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს ისაუბრა თბილისის მერმა. უკვე მიმდინარე წლის გაზაფხულზე კი მეტი დეტალი გახდა ცნობილი. საუბარია, ორზოლიან, ჯამში 280 მეტრი სიგრძის ხიდზე, რომელიც სადგურის მოედანს დადიანის გამზირთან დააკავშირებს.
ამასთან, როგორც ხიდის საპროექტო დოკუმენტებშია აღნიშნული, საავტომობილო ხიდი უნდა ითვალისწინებდეს 18-მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს. ხოლო საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში უნდა იყოს 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით.
გარდა ამისა, პროექტის აღწერაში მითითებულია, რომ ახალი ხიდი გათვლილი იქნება შერეული ნაკადების მოძრაობისთვის, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მეტიც, „პიკურ საათებში ხიდი გამოყენებული იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ“.