რუსთავი-გარდაბნის გზის რეაბილიტაციისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ₾19.7-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის პირობების თანახმად, გზის არსებული მონაკვეთი დაზიანებულია და განახლება ესაჭიროება.

გზა მჭიდროდ დასახლებულ უბანზე გადის და ის უშუალოდ რუსთავს და გარდაბანს მოიცავს.

"როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ მონაკვეთზე დაზიანებულია საფარი, რომელზეც შეიმჩნევა როგორც გრძივი ისე განივი ბზარები. რაც შეეხება დიდი ზომის ჯდენებს, გზაზე არ შეიმჩნევა, ასევე ადგილ-ადგილ არის პატარა ორმოები, დასახლებულ მონაკვეთებზე მოწყობილია სხვადასხვა ზომის რკ. ბეტონის კიუვეტები და სარწყავი არხები, რომელთა ნაწილი დაზიანებულია და ექვემდებარება ახლის მოწყობას.

საპროექტო გზის ღერძი ემთხვევა არსებული გზის ღერძს პროექტის მიხედვით შენარჩუნებულია არსებული გზის გეგმის გეომეტრიული პარამეტრები და განთვისების ზოლი,"- ნათქვამია სატენდერო წინადადებაში.

დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიას შესრულებული უნდა ჰქონდეს ერთი პროექტი მაინც, რომლის ღირებულებაც ამ ტენდერის ღირებულების 50%-ია (ანუ 9.8 მლნ ლარი), ხოლო სამი ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები, რომელთა ღირებულებაც არანაკლებ ამ ტენდერის 60%-ია.

ტენდერში კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარდგენა 1-ელ ნოემბრამდე შეეძლებათ.

bm.ge