რეგიონის ავტოსადგურებმა სავალდებულო სერტიფიცირების რეფორმების გადავადება მოითხოვეს, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დიდუბის ავტოსადგურის დირექტორმა ნესტორ მიქატაძემ განუცხადა.

„შეხვედრაზე მიწვეული ვიყავით ავტოსადგურების წარმომადგენლები და განვიხილეთ საკითხები, რომლის ნაწილიც ძალაში შედის 2025 წლის 1-ლი მარტიდან, ნაწილი - 1-ლი ივნისიდან. რეგიონის წარმომადგენლებმა გააჟღერეს გადავადების [სერტიფიცირების] საკითხი, მაგრამ საკითხი არ გადაწყვეტილა და ვერც გადაწყდებოდა... საკითხი დასმული იქნა განსახილველად“, - ამბობს მიქატაძემ.

ცნობისთვის, 2025 წლის 1-ლი მარტიდან რეისში ვერ გავა ვერც ერთი მძღოლი, რომელსაც სულ მცირე წელიწადში ერთხელ არ აქვს გავლილი სამედიცინო შემოწმება; ასევე, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანას არ განახორციელებს პირი, რომელსაც არ გააჩნია საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა.

უკვე 1-ლი ივნისიდან ავტოსადგურების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება. სერტიფიცირების ფასი სადგურის კატეგორიის მიხედვით 1000-ლარიდან 10 000-ლარის ფარგლებში მერყეობს. სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით. ამავე პერიოდიდან გარკვეულ ავტომობილებს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გამოყენებაზე შეამოწმებენ.

როგორც მიქატაძე აღნიშნავს, დიდუბის ავტოსადგური რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უკვე მუშაობს. მისი თქმით, 1-ლი ივნისამდე ყველა მოთხოვნა შესრულებული იქნება.

„ჩვენ ვართ პირველი კატეგორიის ავტოსადგური და იმ მოთხოვნების უმეტესობა, რასაც მოიცავს რეგულაციები, ჩვენთან უკვე გაკეთებული და მოწესრიგებულია, მაგრამ არის ზოგიერთი საკითხი, რის გაუმჯობესებასა და თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე შესრულებასაც ითხოვენ. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, დავიწყეთ უკვე სამუშაოები, ვაკეთებთ და გავაკეთებთ კიდეც. ასე რომ, 1-ლი ივნისისთვის ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვიქნებით“, - განაცხადა ნესტორ მიქატაძემ.

შეგახსენებთ, გასულ კვირას საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში თბილისისა და რეგიონების ავტოსადგურების ხელმძღვანელებთან ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრა გამართა. საუბრის მთავარი თემა ავტოსადგურების სერტიფიცირების საკითხი იყო. შეხვედრის შემდეგ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ავტოსადგურების ხელმძღვანელებმა პროცესის გადავადება მოითხოვეს.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი