სოფელ ტირძნისის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ირკვევა,რომ გასულ წელს სოფელში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო თუმცა, სამუშაოები მალევე შეჩერდა და მას მერე, ბავშვებს სკოლამდელი განათლების მიღება მოშორებით მდებარე საბავშვო ბაღებში უწევთ.
ოპოზიციის ინფორმაციით, სამუშაოების შეჩერების მიზეზი ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიის შეცდომა გახდა, კერძოდ კომპანიას რეაბილიტაცია სოფელ ქიწნისში უნდა დაეწყო და ამის ნაცვლად მათ ტირძნისის საბავშვო ბაღს გადახადეს სახურავი. მუშაობის დაწყებიდან 2 კვირაში შეცდომა გაირკვა და მშენებლებმა ტირძნისის საბავშვო ბაღი ნახევრად დაშლილ მდგომარეობაში დატოვეს და უკვე ერთ წელზე მეტია ამ მდგომარეობაშია.
"გაარკვიეს, რომ სხვა სოფლის მაგივრად საბავშვო ბაღს შეცდომით ტირძნისში შლიდნენ. სამუშაოები დაუყოვნებლივ შეწყვიტეს და როგორც ჰქონდათ გადახდილი სახურავით, დანგრეული შენობა ისე მიატოვეს," - აცხადებს გორის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ბექა ქორჩილავა.
ადგილობრივების თქმით, საბავშვო ბაღი 3 სოფელს: ტირძნისს, ბროწლეთს და თერგვისს ემსახურებოდა.
გორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი შათირიშვილი შეცდომას უარყოფს და აცხადებს, რომ ტენდერი ნამდვილად ტირძნისის სკოლის რეაბილიტაციაზე იყო გამოცხადებული. მისი თქმით, მშენებლებს შეექმნათ გარკვეული პრობლემები და სამუშაოები ამის გამო შეჩერდა. როგორც შათირიშვილი ამბობს, ტირძნისის ბაღის პრობლემის მოგვარებაზე გორის მუნიციპალიტეტის მერიას მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.
წყარო: მთავარი არხი