ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვემო ქართლის რეგიონში ხუთი საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს.

სოფელ აღმამედლოში, სოფელ იმირში, სოფელ დიდი ბეგლიარში, სოფელ ალგეთსა და სოფელ ასურეთში, ჯამში, 1500-მდე მოსწავლე თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლებში შეძლებენ განათლების მიღებას.

მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი გაეცნო.

სკოლებში მოეწყობა თანამედროვე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და სამეცნიერო ლაბორატორიები. ასევე გათვალისწინებულია კვების სივრცის, ადმინისტრაციული და მუსიკის ოთახების, მრავალფუნქციური და სპორტული დარბაზების, სათამაშო მოედნისა და ეზოს მოწყობა.

სკოლების პროექტები მუნიციპალური განვითარების ფონდს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან (ESIDA) გადმოეცა და სრულად ფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ. პროექტების ჯამური ღირებულება 40.4 მილიონ ლარს აღემატება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც მომავალ თაობებს ხარისხიანი განათლების მიღებისა და თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული, ჯანსაღი სასწავლო გარემოს შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.