კომპანია „ორბი ჯგუფი“ ბახმაროში 100 მილიონი დოლარის ღირებულების მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას ახალი არქიტექტურული კონცეფციით გეგმავს, რომელიც ბეტონის „ხის კოტეჯებს“ გულისხმობს. პროექტი, 868 სასტუმრო ნომერს, 434 ავტოსადგომსა და სხვადასხვა სარეკრეაციო და გასართობ სივრცეს გააერთიანებს.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომპლექსი 8.2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსდება, შენობების მაქსიმალური სიმაღლე კი 15 მეტრი იქნება. „ორბი ჯგუფის“ განცხადებით, არქიტექტურული გადაწყვეტა ადგილობრივ ლანდშაფტთან იქნება ადაპტირებული.

ახალი კონცეფცია, მიმდინარე წლის 28 მარტს ჩოხატაურში გამართულ საჯარო შეხვედრაზე კომპანიის დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ წარადგინა. მისი თქმით, ბახმარო საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კურორტი გახდება.

პროექტის მიხედვით, 82 215 კვადრატული მეტრიდან 59 087 კვადრატული მეტრი უშუალოდ სასტუმრო კომპლექსს დაეთმობა, 16 245 კვადრატულ მეტრზე სარეკრეაციო ზონა მოეწყობა, ხოლო 6 883 კვადრატული მეტრი ტყის ზონად არის განსაზღვრული.

კომპლექსი 34 ბლოკისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან გადასასვლელებით იქნება დაკავშირებული. ინფრასტრუქტურაში გათვალისწინებულია ლობი, კაფე-რესტორნები, ბავშვთა გასართობი სივრცეები, სპა და ფიტნესცენტრი, კინოთეატრი და პარკინგი.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი მშენებლობის მასშტაბი და მისი გავლენაა გარემოზე. შეხვედრაზე ირაკლი კვერღელიძემ განაცხადა, რომ მშენებლობისთვის დაახლოებით 25-30 ათასი კუბური მეტრი ინერტული მასალა იქნება საჭირო. მისი განმარტებით, მასალის ადგილზე დამზადება ტრანსპორტირების ხარჯებისა და გზის დაზიანების თავიდან აცილების თვალსაზრისით უფრო პრაქტიკული შეიძლება იყოს.

თუმცა პროექტის მასშტაბი ადგილობრივებისა და ბახმაროს დამცველი აქტივისტების ნაწილში კითხვებს აჩენს. მათი მთავარი შეშფოთება უკავშირდება როგორც სამშენებლო სამუშაოების მოცულობას, ისე კურორტის სატრანსპორტო დატვირთვასა და ბუნებრივ ლანდშაფტზე შესაძლო ზემოქმედებას.

გურიის განათლებისა და კულტურის განვითარების ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი თორნიკე ანთიძე მიიჩნევს, რომ ახალი პროექტი რეალურად ხის ცალკეული კოტეჯებისგან კი არა, ხის მოპირკეთებით წარმოდგენილი ერთიანი ბეტონის კონსტრუქციისგან შედგება. მისი შეფასებით, 868-ნომრიანი სასტუმროს სრულ დატვირთვაზე მუშაობამ შესაძლოა ბახმაროში სატრანსპორტო მოძრაობა მნიშვნელოვნად გაზარდოს.

აღსანიშნავია, რომ ეს „ორბი ჯგუფის“ ბახმაროში განხორციელების მეორე მცდელობაა. წინა კონცეფცია 350 ნომერზე იყო გათვლილი, ახალი პროექტით კი ნომრების რაოდენობა 868-მდე იზრდება. შესაბამისად, იცვლება არა მხოლოდ არქიტექტურული იერსახე, არამედ პროექტის მასშტაბიც.

კომპანიის გეგმასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საკითხია ნებართვებისა და დოკუმენტაციის სტატუსიც. ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ახალი პროექტის შემუშავების ან კორექტირების შესახებ კომპანიისგან მიმართვა მიღებული არ აქვს. 

ცნობისთვის, 2019 წელს სახელმწიფომ „ორბი ჯგუფ ბახმაროს“ კურორტზე ცხრა მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა. კომპანიას საინვესტიციო ვალდებულებაც დაეკისრა. 2024 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით პროექტის განხორციელების ვადები გადაიხედა: მშენებლობის დასრულების ვადად 2027 წლის 31 დეკემბერი, ხოლო სასტუმროებისა და კვების ობიექტების ფუნქციონირების დაწყების ვადად 2028 წლის 19 ივნისი განისაზღვრა.