საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ნინოწმინდისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი ხანჩალის, კათნატუსა და ოროჯოლარის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაო პროცესს ადგილზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე, მოადგილე აკაკი მშვიდობაძე, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ მირიანაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ.
„მიმდინარე პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სათავე ნაგებობებს, აშენდება ქ. ნინოწმინდის მაგისტრალური მილი, საქლორატოროები და ორი რეზერვუარი, ასევე, სოფელ კათნატუს, დიდი ხანჩალის, სოფელ ოროჯოლარისა და ქ. ნინოწმინდის წყალგამანაწილებელი ქსელი და უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრასტრუქტურა. დღეის მდგომარეობით, ფიზიკური სამუშაოების 10%-ზე მეტი უკვე შესრულებულია. პროექტის დასრულება 2025 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ქ. ნინოწმინდისა და მუნიციპალიტეტში შემავალი 3 სოფლის, ჯამში 7400-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მლნ ლარი მოხმარდება“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.