მთავრობამ სს ონის კასკადთან (სახელმონაცვლეობის შემდეგ - სს „ვინდ ფაუერთან“) სამშენებლო ფაზის დაწყების შესახებ ხელშეკრულების პროექტი მოიწონა.
როგორ განკარგულებიდან ირკვევა, ასევე მოწონებულია სს „ვინდ ფაუერის" მიერ ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.
„ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული შეთანხმების ხელმოწერიდან 30 კალენდარულ დღეში, სს ვინდ ფაუერი ვალდებულია, წარმოადგინოს სამშენებლო საბანკო გარანტია საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ. კომპანიის მიერ სამშენებლო საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სს ვინდ ფაუერის მიერ წარმოდგენილი წინასამშენებლო საბანკო გარანტიის დაბრუნება“, - წერია დოკუმენტში.
ცნობისთვის, საუბარია 206 მეგავატიან ქარის სადგურის პროექტზე, რომელიც როგორც კომპანიაში აცხადებენ მიმდინარე წელს უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში.
„206 მგვტ დაგეგმილი დადგმული სიმძლავრით პროექტი საქართველოში ყველაზე დიდი ქარის ელექტროსადგურის შექმნას ისახავს მიზნად. სადგურის მიერ გამომუშავებული სუფთა ენერგია სრულად მიეწოდება ადგილობრივ ბაზარს და 350,000 ოჯახის წლიურ მოხმარებას დააკმაყოფილებს, რაც საქართველოს მოსახლეობის 10%-ს შეადგენს“, - წერია კომპანიის ვებ გვერდზე.