"მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა საქართველოს ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული. მოლაპარაკებები დასრულდება და ამის შემდეგ მოხდება ხელშეკრულების გაფორმება", - ამის შესახებ პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

საქართველოს მთავრობამ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC ანაკლიის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ 29 მაისს გამოაცხადა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ CCCC ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა ამ განცხადებიდან ოთხი შემდეგაც CCCC გამარჯვებულად გამოვლენილი არაა და ის და საქართველოს მთავრობა კვლავ მოლაპარაკებებს მართავენ.

აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით დეპუტატმა რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა თუ რატომ გაჭიანურდა კომპანიასთან მოლაპარაკებები და რა ცვლილებების შეტანას ითხოვს ჩინური მხარე ამ ხელშეკრულებაში. რომან გოცირიძემ გიორგი კაკაურიძეს ასევე ჰკითხა პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული 50 მილიონი ლარის ათვისებაზეც, რაზეც ირაკლი კაკაურიძემ უპასუხა, რომ აღნიშნულს ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი განახორციელებს, რისთვისაც წელს 26 მილიონი დოლარის გადახდა არის დაგეგმილი.

"50 მილიონი ლარი იყო ჩადებული ანაკლიის პროექტის განხორციელებისათვის, რამდენი დაიხარჯა ამაში? ამ 50 მილიონის ათვისებას აპირებთ თუ არა? 4 თვის წინ 29 მაისს გამარჯვებულად გამოვლინდა ჩინური კომპანია, ხელშეკრულება არ არის გაფორმებული, რას ითხოვს ჩინური კომპანია? რას ითხოვს ისეთს, რომ ხელისუფლება ვერ ბედავს ხელშეკრულების გაფორმებას არჩევნებამდე? ხომ არ მიდის საუბარი, რომ გადაგვაგორებინეთ ეს არჩევნები, და შემდეგ მოდით ხელშეკრულების მოთხოვნებს დაგიკმაყოფილებთ. უცნაური არის რომ მშენებელი კომპანია ბელგიიდან უკვე გამოავლინეთ, ანაკლიის ამშენებელი კომპანია არსებობს და ინვესტორი არ არსებობს, 49%-იანი წილის მფლობელი მხარე იურიდიულად არ არსებობს. ანუ რა დამატებითი მოთხოვნები აქვთ ასეთი?" - მიმართა რომან გოცირიძემ კაკაურიძეს.

"გამოვლინდა ბელგიური კომპანია, რომელიც დაიწყებს წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობას. რაც შეეხება პორტის ტენდერს, მასზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რათა საქართველოს ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული. მოლაპარაკებები დასრულდება და ამის შემდეგ მოხდება ხელშეკმრულების გაფორმება. რაც შეეხება წყლის ინფრასტრუქტურას, 20 მილიონი არის გადარიცხული ამ ეტაპზე და წელს იგეგმება დაახლოებით 26 მილიონი დოლარის გადარიცხვა, ამას ითვალისწინებს ხელშეკრულება. მომდევნო წელს არის დაახლოებით 60 მილიონი დოლარი.

რაც შეეხება პორტის ხელშეკრულებას, ეს პორტის პროექტია და ისეთივე მარტივს ხელშეკრულებას, როგორც გზების პროექტებზეა ვერ დავდებთ და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს ამაზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო ინვესტორის შერჩევის კონკურსი 2024 წლის მაისში დასრულდა. კონკურსის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია იყო გადასული, ესენია ჩინური CCCC და შვეიცარიული (TIL) Terminal Investment Limited Holding S.A, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო ჯგუფის MSC-ის შემადგენელი კომპანიაა. აღნიშნულ ტენდერში TIL-მა საბოლოო წინადადება არ წარადგინა, შესაბამისად ერთადერთი, რომელმაც სახელმწიფოს პროექტში ინვესტირება შესთავაზა, ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC იყო.

პროექტის მიხედვით, CCCC ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ერთობლივი კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი იქნება, ხოლო საქართველოს მთავრობა პროექტის მაჟორიტარი 51%-იანი აქციონერი იქნება.

პროექტის თანახმად, ანაკლიის პორტში პირველი საკონტეინერო გემები 2029 წელს უნდა შევიდნენ, პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია და ის წლიურად 600,000 კონტეინერის გამტარიანობის ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს.

bm.ge