მორიგი სამუშაო გასვლის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სამინისტროს გუნდთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადიგენის მუნიციპალიტეტის, დაბა აბასთუმანში მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, დაბა აბასთუმანში მიმდინარეობს ავტოსადგურისა და ღია ავტოსადგომის მშენებლობა. პარკინგი 700 ავტომობილზეა გათვლილი, სივრცე ტექნიკურად აღიჭურვება, მოეწყობა ელექტრომობილების დამტენი პუნქტი.

„სადგურის ადმინისტრაციული შენობა ელექტრომობილების სერვისს მოემსახურება. პროექტი ითვალისწინებს უნიკალური კურორტის ეკოლოგიური გარემოს გაფრთხილებას და შენარჩუნებას. მშენებლობას საქართველოს მთავრობა აფინანსებს და ის მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დაბა აბასთუმანში მიმდინარე და დასრულებული პროექტების ჯამური ბიუჯეტი - 154.8 მილიონი ლარია.

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში, 2019-2020 წლებში  დაასრულა კურორტ აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული  სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია. 2019 წელს შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა, ხოლო აბასთუმნის უწყვეტი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებისა და გამართული წყალარინებისათვის, 2020-2022 წლებში, დასრულდა  კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მშენებლობა-რეაბილიტაცია.

2024 წელს განახლდა აბასთუმნის ცენტრალური პარკში. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა საფეხმავლო არეალს, შეიცვალა გარეგანათების ბოძები, განთავსდა ახალი სკამები და ნაგვის ურნები, შეიცვალა წყალმომარაგების, ირიგაციის და ელექტრო-საინჟინრო ქსელები, განახლდა შადრევანი და დენდროლოგია. პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები და მულტიფუნქციური სტადიონი. განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია შშმ პირებისა და საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლების საჭიროებებზე.

გასულ წელს, აბასთუმნის ობსერვატორიაში დამონტაჟდა ახალი გუმბათი და ტელესკოპი. ტელესკოპი ავსტრიულმა, ხოლო გუმბათი იტალიურმა კომპანიებმა სპეციალურად აბასთუმნის ობსერვატორიისთვის დაამზადეს. ასეთი ინფრასტრუქტურით აბასთუმნის ობსერვატორია დაიბრუნებს და განავითარებს დიდი სამეცნიერო მიზიდულობის ცენტრის მნიშვნელობას, საქართველოს და  მსოფლიოს მასშტაბით.